პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავისი ლიბერალური პარტიის წარმომადგენელი, 39 წლის სებასტიენ ლეკორნიუ პრემიერ-მინისტრად 2025 წლის 9 სექტემბერს დანიშნა მას შემდეგ, რაც წინა დღეს საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს მთავრობას. მის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებდა სოციალური ხარჯების შემცირებას, მხარი არ დაუჭირა არც მემარჯვენე და არც მემარცხენე ოპოზიციამ.
ლეკორნიუს დაევალა საპარლამენტო პარტიებთან კონსულტაციები ქვეყნის ბიუჯეტზე კონსენსუსის მისაღწევად, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინა სოციალისტების ზოგიერთი მოთხოვნა, მათი მხარდაჭერის საკითხი საბოლოოდ გარკვეული არ არის.
გადადგომამდე ერთი დღით ადრე, 5 ოქტომბერს ლეკორნუმ წარადგინა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა, გადადგომის შესახებ კი ამ შემადგენლობის დღევანდელი, პირველი სხდომის წინ გამოაცხადა.
თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ლეკორნუ პირველი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთ თვესაც კი არ დარჩა.
განახლებულ მთავრობაში მინისტრების უმრავლესობა პრეზიდენტ მაკრონის გუნდიდანაა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა გააკრიტიკეს როგორც ულტრამემარჯვენეებმა, ასევე რესპუბლიკელებმა, რომლებსაც მთავრობაში რამდენიმე მინისტრი ჰყავთ.
რესპუბლიკელების მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ შესაძლოა, მთავრობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.
გამოცემა Le Figaro-ს მოჰყავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს. ნაწილი მოითხოვს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომასაც ან მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას.
საფრანგეთში ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის ზაფხულში პრეზიდენტმა მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა იმ იმედით, რომ რეფორმების განსახორციელებლად პოზიციებს გაიმყარებდა. შედეგად ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება, ყველაზე მეტი მანდატი კი ულტრამემარცხენეებმა და ულტრამემარჯვენეებმა მოიპოვეს.
ასევე ნახეთ საფრანგეთის არჩევნები: ამას არავინ ელოდა, თუმცა ეს დასასრული არ არის ასევე ნახეთ „შვებით ამოვისუნთქეთ, მაგრამ პრობლემა არსად წასულა“ - რა მოხდება ახლა საფრანგეთში?