ისრაელმა გრეტა თუნბერგის და "ღაზის ფლოტილიის" სხვა აქტივისტების დეპორტაცია მოახდინა

შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგი და ბრაზილიელი აქტივისტი თიაგო ავილა ისრაელისკენ მიმავალ გემზე

ისრაელი აცხადებს, რომ დეპორტირებულია გრეტა თუნბერგი და კიდევ 170 აქტივისტი, რომლებიც ღაზაში დახმარების შეტანის მცდელობისას დააკავეს.

ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილია გასულ კვირას დააკავა. 40-ზე მეტ სამოქალაქო გემზე დაახლოებით 470 ადამიანი იმყოფებოდა.

ფლოტილიის ზოგიერთმა უკვე დეპორტირებულმა წევრმა განაცხადა, რომ ისრაელის პატიმრობაში ყოფნისას მათ არასათანადოდ ეპყრობოდნენ.

ასევე ნახეთ ისრაელი და ჰამასი ეგვიპტის შუამავლობით იწყებენ მოლაპარაკებას ტრამპის გეგმის პირობებზე

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფლოტილიას „PR ხრიკს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა დაკავებულის კანონიერი უფლებები დაცული იყო.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ისრაელმა ღაზაში ზღვით ჩასვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გრეტა თუნბერგის დეპორტაცია მოახდინა.

ისრაელი აცხადებს, რომ 171 ადამიანი დეპორტირებულია საბერძნეთსა და სლოვაკეთში და ისინი საბერძნეთის, იტალიის, საფრანგეთის, ირლანდიის, შვედეთის, პოლონეთის, გერმანიის, ბულგარეთის, ლიეტუვის, ავსტრიის, ლუქსემბურგის, ფინეთის, დანიის, სლოვაკეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, სერბეთისა და აშშ-ის მოქალაქეები არიან.

ასევე ნახეთ ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰუმანიტარული ფლოტილიის ბოლო გემი დააკავეს, დაიწყო მისიის მონაწილეთა დეპორტაცია

ფლოტილია აგვისტოს ბოლოს დაიძრა ღაზისკენ, რაც ისრაელის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დაგმეს, როგორც "ხრიკი". საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფლოტილია ადრე გააფრთხილეს, რომ უახლოვდებოდა აქტიური საბრძოლო მოქმედების ზონას და არღვევდა „კანონიერ საზღვაო ბლოკადას“. მათ ორგანიზატორებს კურსის შეცვლა მოსთხოვეს და დახმარების ღაზაში გადატანა შესთავაზეს.

სტუდენტები აპროტესტებენ ღაზისკენ მიმავალი ფლოტილიის გაჩერებას. ტურინი, 2 ოქტომბერი, 2025.

ისრაელის მიერ ფლოტილიის გაჩერების გამო საპროტესტო აქციები გაიმართა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.