დღეს საღამოს, 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 000-ლარიანი „საპატიმრო გირაო“ შეუფარდა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ ექიმს, 71 წლის გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილს, მასთან ერთად კიდევ ერთ ბრალდებულს, გიორგი მულაძეს კი - პატიმრობა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა და ამით დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
სასამართლო სხდომა დაახლოებით 10:45 საათზე დასრულდა. ორივე ბრალდებული: ექიმი-პედიატრი და გეოფიზიკოსი პოლიციელებმა გაიყვანეს.
გირაოს შეტანის ვადად 30 დღე დასახელდა. ჩახუნაშვილი საპატიმროს მხოლოდ გირაოს თანხის შეტანის შემდეგ დატოვებს.
ოჯახის განცხადებით, გირაოს დღესვე გადაიხდიან - მას შემდეგ, რაც ტექნიკურ დეტალებს გაარკვევენ. დიდი ალბათობით, ის გამთენიისას დატოვებს გლდანის საპატიმროს, სადაც ახლა გადაჰყავთ.
მორიგი სხდომა 2025 წლის 2 დეკემბერს 11:00-ზე დაინიშნა.