მადაგასკარში სამხედრო ფორმირებამ აიღო ხელში ძალაუფლება პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ

მადაგასკარის CAPSAT-ის სამხედრო შენაერთის გუშაგები ანტანანარივუს ქუჩებში. 12 ოქტომბერი, 2025 წელი

14 ოქტომბერს ელიტარულმა სამხედრო დანაყოფის წევრმა AFP-ს განუცხადა, რომ მადაგასკარში ხელისუფლება მას შემდეგ გადაიბარა, რაც ეროვნულმა ასამბლეამ პრეზიდენტ ანდრი რაძუელინას იმპიჩმენტი გამოუცხადა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის.

51 წლის პრეზიდენტმა უარი თქვა გადადგომის მზარდ მოთხოვნებზე და კუნძულოვან სახელმწიფოში კვირების განმავლობაში მიმდინარე ანტისამთავრობო ქუჩის დემონსტრაციების შემდეგ იმალებოდა.

„ჩვენ ხელისუფლება ავიღეთ ხელში“, - განუცხადა AFP-ს CAPSAT-ის სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა მაიკლ რანდრიანირინამ, დედაქალაქში მას მერე, რაც მთავრობის შენობაში განცხადება წაიკითხა.
მისი თქმით, დანაყოფი შექმნის კომიტეტს, რომელიც არმიის, ჟანდარმერიისა და ეროვნული პოლიციის ოფიცრებისგან შედგება.

CAPSAT-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2009 წლის გადატრიალებაში, რომელმაც რაძუელინა ხელისუფლებაში პირველად მოიყვანა.

„შესაძლოა, დროთა განმავლობაში მასში უფროსი სამოქალაქო მრჩევლებიც შევიდნენ. სწორედ ეს კომიტეტი შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობებს“, - თქვა რანდრიანირინამ თავის განცხადებაში, - ”რამდენიმე დღის შემდეგ, ჩვენ სამოქალაქო მთავრობას შევქმნით“.

პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტი 130 ხმით დამტკიცდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 163-წევრიან პალატაში საჭირო ორი მესამედის საკონსტიტუციო ზღვარს. უმაღლესმა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადასტუროს კენჭისყრა.

რაძუელინამ, ორშაბათს გვიან განაცხადა, რომ მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის გამო „უსაფრთხო სივრცეში“ იმყოფებოდა, თუმცა ადგილსამყოფელი არ გაამხილა.

მადაგასკარში საპროტესტო აქციები სექტემბრის ბოლოს დაიწყო წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო. „ალ ჯაზირას“ ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით მესამედს აქვს ელექტროენერგიაზე წვდომა და ელექტროენერგიის გათიშვა რეგულარულად დღეში რვა საათზე მეტხანს გრძელდება.

შემდგომში საპროტესტო აქციები გადაიზარდა მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტში, რომელშიც დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისთვის ბოდიშის მოხდას და სენატისა და საარჩევნო კომისიის დაშლას მოითხოვდნენ.

გასულ შაბათ-კვირას ამბოხებული ჯარისკაცები და უსაფრთხოების ძალები, მათ შორის CAPSAT, შეუერთდნენ დემონსტრანტებს და მოუწოდეს პრეზიდენტს და სხვა მინისტრებს გადადგომისკენ.