უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ქალაქში აფეთქებებია

ფოტო არქივიდან. კიევის ერთ-ერთი ქუჩა რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შემდეგ

დღეს, 16 ოქტომბერს დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

დილის ექვსი საათისთვის კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დედაქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადავიდნენ უახლოეს თავშესაფრებში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო განგაში გამოცხადებულია აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი რუსული გამანადგურებლის (მიგ-31კ) აფრენის გამო.

განახლება: დილის რვა საათისთვის კიევში საჰაერო განგაში გააუქმეს. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის მორიგი საფრთხეა ზაპოროჟიეს და ხარკოვის მიმართულებებით.

ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა კიდევ ერთი დარტყმა ფეოდოსიის ნავთობტერმინალზე

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გამთენიისას უკვე იყო აფეთქებები ხარკოვში, პოლტავაში, იზიუმსა და კროპივნიცკიში.

16 ოქტომბერს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსული დრონებით დარტყმა იყო ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნეჟინზე, სადაც ერთი ადამიანი დაიჭრა და დაზიანდა მრავალბინიანი სახლი და ლოგისტიკური ობიექტი. სამსახურს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია. ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ ჩერნიგოვში დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმო.

განახლება: უკრაინაზე რუსული დრონებითა და რაკეტებით დღევანდელი დარტყმის შემდეგ სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებთა ნაწილს ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება შეუწყდა. მათ შორის პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვის და კიროვოგრადის ოლქებში. ენერგომომარაგება შეიზღუდა უკრაინის დედაქალაქ კიევშიც.