ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი თავს დამნაშავედ არ ცნობს

ფოტო არქივიდან. ჯონ ბოლტონი (მარჯვნივ) და დონალდ ტრამპი. 2018 წელი

პარასკევს ჯონ ბოლტონმა სასამართლოში განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს ოჯახის წევრებისთვის კლასიფიცირებული ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნასა და მერილენდის შტატში, თავის სახლში საიდუმლო დოკუმენტების შენახვის ბრალდებებში.

ბოლტონი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა დაიწყო.

ეს ბოლო კვირების განმავლობაში იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ტრამპის მოწინააღმდეგის მიმართ აღძრული მესამე სისხლის სამართლის საქმეა. ტრამპის ოპონენტები შიშობენ, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტი სამართალდამცავ ორგანოებს იყენებს თავისი სავარაუდო მტრების წინააღმდეგ შურისძიების მიზნით.

ასევე ნახეთ CNN: ტრამპს არ გამოურიცხავს კიევისთვის „ტომაჰავკების“ მიწოდება

ბოლტონს ბრალად ედება მეუღლისა და ქალიშვილისთვის 1000-ზე მეტგვერდიანი ჩანაწერების გაზიარება - ეროვნული თავდაცვის შესახებ მგრძნობიარე ინფორმაციისა, რომელიც აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან და უცხოელ ლიდერებთან შეხვედრებიდან ან სადაზვერვო ბრიფინგებიდან მოიპოვა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ინფორმაციის ნაწილი გამჟღავნდა მაშინ, როდესაც ირანის მთავრობასთან დაკავშირებულმა პირებმა ბოლტონის ელექტრონული ფოსტის ანგარიში გატეხეს.

ასევე ნახეთ ტრამპმა შუააღმოსავლური ტურნე დაასრულა - "ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვაქვს მშვიდობა შუა აღმოსავლეთში"

ბოლტონი 17 თვის განმავლობაში მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მესამე მრჩევლად და პრეზიდენტთან კონფლიქტი მოუვიდა ირანის, ავღანეთისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე. ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა წიგნისთვის, რომელიც მთავრობაში თავისი მუშაობის შესახებ დაწერა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, წიგნი საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. მაგრამ 2021 წელს იუსტიციის სამინისტრომ სარჩელი უკან გაიხმო და შეწყვიტა დიდი ჟიურის მიერ ცალკე გამოძიება.

წელს, თეთრ სახლში დაბრუნების პირველსავე დღეს ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუწყვიტა დაზვერვის ორმოცზე მეტ ყოფილ თანამშრომელს, მათ შორის ბოლტონს.

ასევე ნახეთ FBI ჩხრეკს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სახლს