პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციის კიდევ 12 მონაწილე დააკავა

აქცია რუსთაველის გამზირზე, 2025 წლის 7 ოქტომბერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 24 საათის განმავლობაში, "შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად" 12 ადამიანი დააკავეს:

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილია დაკავებულთა ინიციალები:

ც.ჟ., კ.მ., გ.თ., მ.ჩ., ა.ვ., გ.ვ., გ.წ., ი.წ., ბ.ჩ., ლ.უ., ლ.მ., და ა.გ.

წინა ორ დღეში, პოლიციამ იმავე საბაბით 14 ადამიანი დააკავა.

ასევე ნახეთ რუსთაველის გამზირზე აქციის 14 მონაწილე დააკავეს ბოლო ორ დღეში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი მორიგი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ გამკაცრებული კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო.

გასულ კვირას სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.

ასევე ნახეთ აქციაზე პირბადით ყოფნის გამო მოსამართლემ 71 წლის აზა ჩილაჩავა სამართალდამრღვევად ცნო

კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:

  • მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
  • თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.


ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:

  • აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
  • ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
  • გზის გადაკეტვისთვის.


თბილისში, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გასული წლის ნოემბრის ბოლოდან აქციები იმართება ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დემონსტრაციების დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა. მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.

დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი - შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.