მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში აფეთქებები იყო

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. 24 ოქტომბერს მოსკოვის საოლქო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით შეტევა იყო ქალაქ კრასნოგორსკზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა

შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო მოსკოვში და მოსკოვის ოლქში. აფეთქებების შესახებ სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები იუწყებოდნენ. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ დრონებს იგერიებდა. დროებით დაკეტეს დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები.

სობიანინის ტელეგრამ-არხზე 27 ოქტომბერს, ღამის პირველიდან ოთხი საათის ჩათვლით გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა „ჩამოაგდეს“, ან „მოიგერიეს“ საერთო ჯამში, 30-ზე მეტი დრონი, რომლებიც „მოსკოვისკენ მიფრინავდნენ“. ყველა ამ შეტყობინებას თან ახლდა სტანდარტული ტექსტი, რომ „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურების სპეციალისტები“. კონკრეტული ადგილები სობიანინს არ დაუსახელებია.

ტელეგრამ-არხის, ASTRA-ს ცნობით, მოსკოვში აფეთქებების შემდეგ კვამლი იყო დაბა კომუნარკას ტყის მასივში. ეს დაბა უშუალოდ მოსკოვის შემადგენლობაშია და რუსეთის დედაქალაქის წრიულ საავტომობილო გზასთან მდებარეობს.

მოსკოვის ოლქის ქალაქ სერპუხოვში ხანძარი იყო ნავთობის ბაზაზე. ქალაქის ადმინისტრაციას ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია.

ასევე ნახეთ ზელენსკი: უკრაინის წინააღმდეგობა ჭეშმარიტად გმირულია

26 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. დაიღუპა 3 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი.