მოსკოვის სასამართლომ 28 წლით დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა უკრაინაში მებრძოლ ქართველს

საილუსტრაციო ფოტო: თემიდას ძეგლი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სასამართლოში

მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში ომში მებრძოლ ქართველს, გურამ ბერუაშვილს, 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

მოსკოვის პროკურატურის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 48 წლის გურამ ბერუაშვილმა დაუსწრებლად მისჯილი 28 წლიდან "პირველი რვა წელი ციხეში, ხოლო დარჩენილი დრო მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს“.

მოსკოვის პროკურატურის თანახმად, ბერუაშვილი დამნაშავედ ცნეს დაქირავებულ მებრძოლობაში, რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კონტრაბანდაში, ტერორისტულ თავდასხმაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის უკანონო გადაზიდვაში, ტარებასა და შენახვაში.

სააგენტო "რია ნოვოსტი" წერს, რომ ბერუაშვილი 2022 წელს უკრაინაში, საერთაშორისო ლეგიონის ბაზაზე ჩავიდა, სადაც შემოსავლის მიღების მიზნით, შეიარაღებულ ფორმირებას შეუერთდა.

"2024 წლის აგვისტოში, კალაშნიკოვის ავტომატითა და საბრძოლო მასალით ის კურსკის რეგიონში შევიდა, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კანონიერ საქმიანობას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია", - ციტირებს გამოცემა მოსკოვის პროკურატურას.

გურამ ბერუაშვილზე რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული.

გურამ ბერუაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისტი და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.


ასევე ნახეთ „ქართული ლეგიონის“ წევრებს მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა

უკრაინის მხარეს ომში ასობით ქართველი იბრძვის.

ასევე ნახეთ ქართველი „ტერმინატორი” უკრაინაში ბიონიკური ხელით იბრძვის

რამდენიმე ათეულ ქართველს რუსეთის სასამართლოებმა დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი, ნაწილი კი სასჯელს საპატიმროებში იხდის.

ასევე ნახეთ „დედა! მენატრები, მალე სახლში ვიქნები, ნუ განიცდი“, - რუსეთში უვადოდ დაპატიმრებული მამუკა გაწერელიას ოჯახმა შეტყობინება მიიღო
ასევე ნახეთ ქართველ მებრძოლს ოკუპირებულ დონეცკში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს