„თავისუფლების მოედანი“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა

"თავისუფლების მოედანი", რომელიც პოლიტიკურ ძალად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიქმნა.

პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი", რომელსაც სახელმწიფო რეგისტრაციის პროცესში ბიუროკრატიულ ბარიერებს უქმნიდა, 19 ნოემბერს პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა.

"პარტიის რეგისტრაციის გზაზე მრავალი პრობლემა შეგვექმნა, ზოგი მოსალოდნელი, ზოგი სრულიად მოულოდნელი, მაგრამ გუნდში გადაწყვეტილი გვქონდა, ეს ბრძოლაც აუცილებლად ბოლომდე მიგვეყვანა. ათასგვარი ბიუროკრატიული ხრიკი და წინაღობა დავძლიეთ. თანაც, აუცილებლად გვინდოდა ისეთი წესდება და პროცედურები გვქონოდა, რომლებიც საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებით შევიმუშავეთ. ამ ბრძოლამ გამოიღო თავისი შედეგი, ვაჯობეთ სისტემას, რომელსაც მოუწია უკვე ფორმალურადაც ეღიარებინა უკვე არსებული რეალობა: "თავისუფლების მოედანი" რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა. ხვალ რას მოიფიქრებს იგივე რეჟიმი, არავინ იცის, რადგანაც ის ახალი პარტიების სამომავლოდ აკრძალვასაც კი გვპირდება, მაგრამ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბრძოლა ყველგან საჭიროა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - დაწერა პარტიის რეგისტრაციის შემდეგ მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ ფეისბუკზე.

ასევე ნახეთ თავისუფლების მოედანმა წარადგინა „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“

"თავისუფლების მოედანი", რომელიც პოლიტიკურ ძალად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიქმნა, გასული წლის არჩევნებში "ლელოს" გარშემო შექმნილი კოალიციით მონაწილეობდა არჩევნებში. ის ერთ-ერთია იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებმაც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

იმის მიუხედავად, რომ მოძრაობა ჯერ პარტიად არ იყო დარეგისტრირებული, მის წევრებს ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს ხელით სთხოვდა ისეთი სახის დოკუმენტაციის წარდგენას, რისი წარდგენის ვალდებულებაც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს.

ასევე ნახეთ ანტიკორუფციული ბიურო მომავალი წლის მარტიდან გაუქმდება
ასევე ნახეთ პარტიად არ გვარეგისტრირებენ, თუმცა წევრების პირად ანგარიშებზე წვდომა მოიპოვეს, პარტიის წევრი ხართო - „თავისუფლების მოედანი“