Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიად არ გვარეგისტრირებენ, თუმცა წევრების პირად ანგარიშებზე წვდომა მოიპოვეს, პარტიის წევრი ხართო - „თავისუფლების მოედანი“


„ორჯერ ვცადეთ დარეგისტრირება პარტიად და უარი გვითხრა „ქართულმა ოცნებამ“... იქნებ დააჩქარებინოთ რეგისტრაცია, რომ რამე სამართლებრივი საფუძველი გქონდეთ, რომ ასეთი მოთხოვნები გამოგვიგზავნოთ ხოლმე“ - სიმონ ჯანაშია.
„ორჯერ ვცადეთ დარეგისტრირება პარტიად და უარი გვითხრა „ქართულმა ოცნებამ“... იქნებ დააჩქარებინოთ რეგისტრაცია, რომ რამე სამართლებრივი საფუძველი გქონდეთ, რომ ასეთი მოთხოვნები გამოგვიგზავნოთ ხოლმე“ - სიმონ ჯანაშია.

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერები იუწყებიან, რომ იმის ფონზე, რომ საჯარო რეესტრი მოძრაობას პარტიად არ არეგისტრირებს, ანტიკორუფციულმა ბიურომ მათს პირად ანგარიშებზე წვდომა მოიპოვა იმ არგუმენტით, რომ ისინი პარტიის წევრები არიან.

„ანტიკორუფციულიდან წერილი მოვიდა, რადგან პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრი ხართ, თქვენ პირად საბანკო ანგარიშებზე მოგვცა სასამართლომ წვდომაო“, - წერს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სიმონ ჯანაშია.

მისივე ცნობით, დამატებით ანტიკორუფციულმა ბიურომ მოსთხოვა, „პირად შემოსავლებზე დოკუმენტები გამოაგზავნეთ და თან პარტიას რა შემოსავლები ჰქონდა, ეგეც გამოაყოლეთო“.

„ბატონო რაჟდენ, თავისუფლების მოედანმა ორჯერ ვცადეთ დარეგისტრირება პარტიად და უარი გვითხრა „ქართულმა ოცნებამ“. ჰოდა, აი ახლა შეტანილი გვაქვს რეგისტრაციის დოკუმენტები, და პასუხს ველოდებით“, - წერს ჯანაშია.

„გეაჯებით, იქნებ დააჩქარებინოთ რეგისტრაცია, რომ რამე სამართლებრივი საფუძველი გქონდეთ, რომ ასეთი მოთხოვნები გამოგვიგზავნოთ ხოლმე?!" - მიმართავს ის ბიუროს ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს.

სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ ბიუროს მოთხოვნას გაასაჩივრებს.

„თან პარტიად არ გარეგისტრირებდნენ და თან როგორც პარტიას გექცეოდნენ, ხომ ცინიზმია“, - წერს ის და თავის პოზიციას განმარტავს:

„რომც ვიყოთ პარტია, ასე პარტიის ნებისმიერი წევრის საბანკო ანგარიშებზე თუ უნდა ჰქონდეს წვდომა სახელმწიფოს, ეს ნიშნავს, რომ ა) პარტიაში არავის არ მოუნდება შესვლა და ბ) იმ პირობებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაჰყავთ სასამართლოებში, იმის გამო, რომ ფიზიოლოგიური ხსნარი და პირბადე იყიდეს მაშინ, როცა გაზით წამლავდნენ მათ წევრებს, ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი გადარიცხვა შეიძლება გახდეს იმის მტკიცების მოტივი, რომ რაღაც არაკანონიერს ჩადიხარ“.

  • მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაარსდა;
  • 2024 წლის არჩევნებში „მოედანი“ „ლელოს“ ირგვლივ შექმნილი კოალიციის წევრი იყო, თუმცა 2025 წელს კოალიცია დატოვა.
  • მოძრაობამ 2025 9 მარტს გამართა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა: დაამტკიცეს პარტიის წესდება, აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა. პარტიის წევრების გადაწყვეტილებით, „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე გახდა ლევან ცუცქირიძე.
  • თუმცა, ლევან ცუცქირიძის ცნობითვე, ორჯერ უთხრეს უარი პარტიის რეგისტრაციაზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG