გაიზარდა უკრაინის ქალაქ ტერნოპოლზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის მსხვერპლთა რიცხვი

სამაშველო სამუშაო ტერნოპოლში. უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახური, 2025 წლის 22 ნოემბერი

უკრაინის ქალაქ ტერნოპოლზე 19 ნოემბერს რუსეთის მიერ მიტანილი სარაკეტო დარტყმის მსხვერპლთა რიცხვმა 33 ადამიანს მიაღწია.

მანამდე იუწყებოდნენ 31 დაღუპულზე. 22 ნოემბერს მაშველებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ნანგრევებში იპოვეს კიდევ ორი ადგილობრივის ცხედრები.

დაღუპულთა შორის ექვსი ბავშვია. კიდევ ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ორი ადამიანი დაშავდა ოდესის ოლქში რუსეთის მიერ 22 ნოემბრის ღამეს მიტანილი იერიშის შედეგად - ამ ცნობას რეგიონის ხელმძღვანელი, ოლეჰ კიპერი ტელეგრამით ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის დრონების თავდასხმის შედეგად დაშავდა 57 წლის ადგილობრივი ქალი - იუწყება ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.

პარასკევს დნეპროპეტროვსკში რუსეთის თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი პირი დაიჭრა.

რუსეთის ძალებმა შაბათს გამთენიისას ხერსონის ოლქზეც მიიტანეს იერიში, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს სოფელ კიზომისს. როგორც იუწყებიან, დაიღუპა ერთი ქალი.

უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამის არხის თანახმად, შაბათის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა 100-ზე მეტი დრონით და ბალისტიკური რაკეტებით. უკრაინელი სამხედროების თქმით, ჩამოაგდეს 89 უპილოტო საფრენი აპარატი. ექვს ადგილას ჩამოვარდა 13 დრონი. ცნობის თანახმად, ვერ მოხერხდა Iskander M-ის კომპლექსიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება.

ასევე ნახეთ რა დათმობებს ითხოვს აშშ-ის სამშვიდობო გეგმა უკრაინისგან? - მედიაში პროექტის დეტალებმა გაჟონა