ბულგარეთი მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გამო, რომელიც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს. 1 დეკემბერს, დღის ბოლოს ქვეყნის ქალაქების ქუჩებში ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა.
ყველაზე ხალხმრავალი აქცია ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა. როგორც რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური წერს, მედიასაშუალებებისა და აქტივისტების სხვადასხვა შეფასებით, ქალაქის ცენტრში 30 000-დან 100 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.
დემონსტრანტებმა მთავრობა კორუფციის ხელშეწყობაშიც დაადანაშაულეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. პროტესტი მიმართული იყო საპარლამენტო კოალიცია „ახალი დასაწყისის“ წინააღმდეგაც.
მშვიდობიანი აქცია ღამით არეულობაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა - შავტანსაცმლიანმა და ნიღბიანმა მამაკაცებმა აალებადი და სხვა სახის საგნები დაუშინეს კოალიციის ოფისს და პოლიციელებს, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და დააზიანეს ზოგიერთი შენობა და სამართალდამცავების ავტომანქანები. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 1 დეკემბერს გამართული საპროტესტო აქციისას დემონსტრანტების ნაწილმა ნაგვის ურნები დაწვა და პოლიციას დაუპირისპირდა. მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა მათ პროვოკატორები უწოდეს
სოფიის ცენტრში შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ არეულობის მონაწილეები პროვოკატორები არიან.
როგორც რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური წერს, პოლიცია აგრესიულად განწყობილი პირების წინააღმდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადამწყვეტ ზომებს არ იღებდა მაშინ, როცა წინა წლებში სხვა აქციებისას გაცილებით ნაკლები ინციდენტების დროს მკაცრად მოქმედებდა.
მომავალი წლის ბიუჯეტის წინააღმდეგ და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 1 დეკემბერს ხალხმრავალი საპროტესტო აქციები გაიმართა ბულგარეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის პლოვდივში, ვარნასა და ბურგასში.
ბულგარეთი ევროკავშირის წევრებს შორის ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ქვეყანაა.