საქართველოს მთავრობამ 2022 წლის დასაწყისში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას გამოაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი, უმუშევარი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამის დაწყებას გეგმავდა. პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა.
სტატისტიკა
- სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში, სოციალურ შემწეობას იღებდა 461 796 ადამიანი, ხოლო დამატებით 246 449 სოციალურად დაუცველი ადამიანი იყო ისეთი, რომლებსაც 4 წლით გარანტირებული ჰქონდათ სოციალურად დაუცველის სტატუსი.
- ეს არ ნიშნავს, რომ 246 449-ვე ადამიანი იყო გამწესებული რომელიმე სამუშაო ადგილზე - ამ რიცხვში შედიან როგორც პროგრამით დასაქმებულები, ასე დასაქმებულთა ოჯახის წევრები.
- 2025 წლის აპრილში დასაქმების სააგენტოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ამ პროგრამით 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი დაასაქმეს.
ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი 2022 წლის 48 მილიონიდან მომდევნო წელს თითქმის გაორმაგდა, 2025 წელს კი 113 მილიონამდე გაიზარდა.
2026 წლის ბიუჯეტის ამ დროისთვის ბოლო სამუშაო ვერსიაში, პროგრამისთვის თანხა 21 მილიონამდეა შემცირებული.
ფინანსთა სამინისტრო განმარტებით ბარათში წერს, რომ პროგრამის ოთხწლიანი ციკლი დასრულდა. საქმე ისაა, რომ:
- პროგრამის ბენეფიციარებს, - რომლებიც პროგრამაში ჩაერთნენ, - ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებოდათ;
- წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გარანტირებული არ იყო - სტატუსს გადაამოწმებდნენ.
მიზეზი: „დეფიციტი შრომის ბაზარზე“
სამინისტროს არგუმენტად მოჰყავს ისიც, რომ „ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე“.
გამოყოფილი თანხა მიმართულია იმისთვის, რომ პროგრამის ბენეფიციარებს „სხვადასხვა გადამზადების პროგრამებით ხელი შეეწყოს კერძო სექტორში დასაქმებაში“.
იგივე განაცხადა დღეს, 2 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გამოცემა BMG-სთან საუბარში:
„დღეს უკვე, განსხვავებით იმ პერიოდისგან, როცა ეს პროგრამა დაიწყო, შრომის ბაზარზე პირიქით, დეფიციტია. მაშინ უმუშევრობის მაჩვენებელი კოვიდიდან გამომდინარე, გაზრდილი იყო. დღეს ვხედავთ, რომ შრომის ბაზარზე დეფიციტია“.
მისი თქმითვე, „ბევრი კომპანია სწორედ ამას ასახელებს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. შესაბამისად, ის, რომ საზოგადოებრივ სამუშაოზე ეს ადამიანი დავასაქმოთ და შრომის ბაზარს კიდევ უფრო მეტი დეფიციტი შევუქმნათ, არ იქნება სწორი“.
შრომის ბაზარზე მუშახელის დეფიციტზე საუბრობდა ირაკლი კობახიძე 26 ნოემბერს პარლამენტში. მან უნივერსიტეტებში 3+1 სისტემის (ბაკალავრიატის სამი წელი ოთხის ნაცვლად) დანერგვა ამ საკითხს დაუკავშირა და განაცხადა:
„დაახლოებით 30 000 ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ქვეყანაში, როდესაც ერთი წლით ადრე დაამთავრებენ სტუდენტები სწავლას. ანუ 30 000-ით მეტი ახალგაზრდა ადამიანი, კადრი, სამუშაო ძალა შეემატება ჩვენს შრომის ბაზარს“.
პროგრამის „ხარვეზები“
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ 2024 წლის კვლევის თანახმად, პროგრამის დიზაინს „ფუნდამენტური ხასიათის ხარვეზები“ აქვს, რაც, თავის მხრივ, პრობლემას უქმნიდა პროგრამის მთავარ ამოცანას, - სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ეტაპობრივად შემცირებას.
„პროგრამის დიზაინი შეიცავს უზარმაზარ რისკს, რომ ის ვერ შეძლებს შემწეობებზე დამოკიდებული მოსახლეობის სათანადოდ მოტივირებას, რათა ისინი შრომის ღია ბაზარზე დასაქმდნენ“, - წერდა ორგანიზაცია.
მთავრობის თავდაპირველი გეგმით, პროგრამას გარკვეულწილად სოციალურად დაუცველთა რაოდენობის შემცირების ფუნქციაც უნდა ჰქონოდა. სოციალური დაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 2023 წლის 23 სექტემბერს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა:
„სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა მნიშვნელოვანია, რათა [სოციალური ქულების გადამოწმებაზე] გამოცხადებული მორატორიუმიდან მოხდეს ძალიან მსუბუქად და უმტკივნეულოდ გამოსვლა“.
ოპოზიციონერი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი პროგრამის ფარგლებში გაჩენილ სამუშაო ადგილებზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ამბობდა, რომ მუნიციპალიტეტების სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შექმნეს „აბსოლუტურად უფუნქციო ვაკანსიები“ მაშინ, როდესაც იქ უკვე არსებობდა შტატების არასაჭირო სიმრავლე.
მაგალითად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას სკოლაში, სადაც 23 მასწავლებელი და 73 მოსწავლეა, დაასაქმეს დამატებით:
- ხუთი დამლაგებელი;
- ორი დარაჯი;
- ორი მეეზოვე;
- ნარგავების მომვლელი;
- სამეურნეო მუშაკი;
- ბიბლიოთეკარის დამხმარე.
2022 წლის სექტემბრის ბოლოსთვის დასაქმების სტატისტიკის ნაწილი ასე გამოიყურებოდა:
- 3886 სასაფლაოს მომვლელი;
- 7119 მეეზოვე;
- 3216 დამლაგებელი;
- 856 დარაჯი;
- 1766 დამხმარე/მომვლელი.