უკრაინაში მსხვერპლია რუსული დრონებით მორიგი შეტევის შედეგად

რუსული დრონებით შეტევის შედეგები უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში (საილუსტრაციო ფოტო)

უკრაინაში მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგ შეტევას, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ ტელეგრამ-არხით 3 დეკემბერს დილით გავრცელებული ინფორმაციით, პავლოგრადის რაიონის ქალაქ ტერნოვკაში 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. ნაწილობრივ დანგრეულია ერთი კერძო სახლი. კიდევ 6 დაზიანებულია. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.

რუსული დრონებით შეტევის შედეგად ოდესის რაიონში ხანძარი გაუჩნდა ენერგოობიექტს. ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. მისივე ცნობით, დაიჭრა ერთი ადამიანი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე ნახეთ ნავთობის საცავი, უშიშროების სამსახურის შენობა - რუსეთიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 111 უპილოტო საფრენი აპარატით.

საჰაერო ძალების თანახმად, დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 83 რუსული დრონის ჩამოგდება და 27-ით პირდაპირი დარტყმა 13 ადგილზე. დნეპროპეტროვსკის და ოდესის ოლქების გარდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და სახლები დაზიანებულია ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქებში.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე შეტევის შედეგად, დილით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დამატებით 22 ათასზე მეტ აბონენტს ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში.

ენერგოობიექტებზე რუსეთის ჯარების მუდმივი შეტევების შედეგად უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების მკაცრი გრაფიკი მოქმედებს.

ასევე ნახეთ ევროკავშირმა შეათანხმა რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვის გეგმა