Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის საცავი, უშიშროების სამსახურის შენობა - რუსეთიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან


უპილოტო საფრენი აპარატი(საილუსტრაციო ფოტო)
უპილოტო საფრენი აპარატი(საილუსტრაციო ფოტო)

დრონებით შეტევის გამო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში გასულ ღამით განგაში გამოაცხადეს და ათამდე აეროპორტი დახურეს.

დღეს, 3 დეკემბერს დილის შვიდი საათისთვის ტამბოვის ოლქის გუბერნატორ ევგენი პერვიშოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ღამით ხანძარი გაჩნდა ნავთობის ბაზაზე. გუბერნატორმა მიზეზად დაასახელა „კიევის ტერორისტული რეჟიმის“ დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენა“. პერვიშოვს არ დაუკონკრეტებია ტამბოვის ოლქის რომელ რაიონში მდებარეობს ნავთობის ეს საცავი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილის რვა საათისთვის გამოქვეყნებულ ჩამონათვალში იმ რეგიონების, სადაც, საერთო ჯამში, „102 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს”, არ არის ტამბოვის ოლქი. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

რუსული ტელეგრამ-არხი ASTRA საგანგებო სიტუაციების სამსახურში წყაროებზე დაყრდნობით გასულ ღამით იუწყებოდა, რომ 2 დეკემბერს ჩეჩნეთის აჩხოი-მარტანის რაიონში დრონებით დარტყმა იყო უშიშროების სამსახურის შენობაზე და დაჭრილია ორი თანამშრომელი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე გასულ ღამით განაცხადა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში 4 დრონი გაანადგურეს.

განახლება: ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ტელეგრამ-არხზე დილის ცხრა საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ერთ-ერთ რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად უმნიშვნელოდ დაზიანდა რამდენიმე რეზერვუარი საწვავით“. კონკრეტული რაიონი და ობიექტი გუსევს არ დაუსახელებია.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო გასული ღამის განმავლობაში დაკეტილი იყო გროზნოს, ვლადიკავკაზის, მაგასის, ტამბოვის, ვოლგოგრადის, პენზის, სამარის, სარატოვის, ულიანოვსკის და იაროსლავის აეროპორტები.

მათგან მხოლოდ სარატოვია ნახსენები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილის რვა საათზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ შეტყობინებაში, რომლის თანახმად, ღამის განმავლობაში ბრიანსკის, კურსკის, როსტოვის, ასტრახანის, სარატოვის და ვორონეჟის ოლქებში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ საერთო ჯამში, 102 უკრაინული დრონი.

უკრაინას რუსეთზე დრონებით მორიგი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.

რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.




ფორუმი

XS
SM
MD
LG