Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა შეათანხმა რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვის გეგმა


ფოტო არქივიდან. გაზის გამანაწილებელი ობიექტი უნგრეთში
ფოტო არქივიდან. გაზის გამანაწილებელი ობიექტი უნგრეთში

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 2027 წლისთვის რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას. ინფორმაცია წინასწარი შეთანხმების შესახებ, 3 დეკემბერს გამოქვეყნდა საბჭოს ოფიციალურ საიტზე.

ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის ენერგეტიკის მინისტრმა ლარს ოგარდმა განაცხადა, რომ ეს მთელი ევროპისთვის დიდი გამარჯვებაა, ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ უნდა იყოს და იმპორტის სრულად აკრძალვა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

წინასწარ შეთანხმებული გეგმით, 2025 წლის 17 ივნისამდე გაფორმებული მოკლევადიანი კონტრაქტების შემთხვევაში, გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვა ძალაში შევა 2026 წლის 25 აპრილიდან, ხოლო მილსადენებით ტრანსპორტირებული გაზისთვის - 2026 წლის 17 ივნისიდან.

გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტის გრძელვადიანი კონტრაქტების შემთხვევაში, ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტის შესაბამისად, აკრძალვა ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან. მილსადენებით გაზის მიღების შეწყვეტა დაიწყება 2027 წლის 30 სექტემბრიდან იმ პირობით, რომ გაზის მარაგები მიზნობრივ დონეზე უნდა იყოს, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1 ნოემბრისა.

ევროკავშირის საბჭომ რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვის გეგმას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა 2025 წლის 20 ოქტომბერს. მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ წინააღმდეგ იყვნენ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი.

საბჭოს მხარდაჭერის შემდეგ კონსულტაციები დაიწყო ევროპარლამენტთან. მიღწეული წინასწარი შეთანხმება ორივე მხარემ ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს.

განახლება: კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 3 დეკემბერს, დღისით მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ ევროპა რუსულ გაზს აღარ იყიდის, უფრო ძვირი ბუნებრივი გაზის იმპორტზე დამოკიდებული გახდება.

ევროკავშირის სახელმწიფოებმა რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტის რაც შეიძლება სწრაფად და სრულად აკრძალვა საჭიროდ მიიჩნიეს 2022 წელს უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თუმცა პრაქტიკულად განხორციელება რთული აღმოჩნდა.

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ევროკავშირში იმპორტირებული გაზის საერთო მოცულობის 12% ისევ რუსეთზე მოდის. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 45% იყო.


ფორუმი

XS
SM
MD
LG