დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა სანქციების დაწესების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსთვის - რუსეთის სამხედრო დაზვერვისა, რომელიც გრუ-ს სახელით არის ცნობილი - და 11 პირისთვის, მათ შორის გრუ-ს სავარაუდო ოფიცრებისთვის. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ეს დაკავშირებულია სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე, იულიაზე, სოლსბერიში 2018 წელს თავდასხმის მცდელობის გამოძიებასთან. ქიმიური იარაღით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლას ემსხვერპლა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დონ სტერჯესი. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში, რომელიც 4 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხაზგასმულია, რომ გამოძიების დასკვნით, გრუ-ს ყოფილ ოფიცერზე, სკრიპალზე თავდასხმა პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ იყო სანქციონირებული.
4 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი დაიბარეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა მისთვის გაეცნოთ დონ სტერჯესის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიების შედეგები. გამოძიება სტერჯესს პირდაპირ აკავშირებს სკრიპალის მკვლელობის მცდელობასთან. ბრიტანეთის მოქალაქე მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მისმა ნაცნობმა იპოვა ბოთლი, რომელიც მას სუნამო ეგონა. სინამდვილეში მასში იყო „ნოვიჩოკი“. ბოთლი, სავარაუდოდ, გადააგდეს რუსმა აგენტებმა „პეტროვმა“ და „ბოშიროვმა“ (ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი), რომლებიც, გამომძიებლების თქმით, თავდასხმის უშუალო შემსრულებლები იყვნენ.
BBC-ის მოჰყავს ამონარიდები სტერჯესის გარდაცვალების გარემოებების შესახებ ანგარიშიდან. მასში კერძოდ ნათქვამია, რომ ვლადიმირ პუტინს „მორალური პასუხისმგებლობა“ ეკისრება სტერჯესის სიკვდილისთვის. მას არ შეუკვეთია სტერჯესის მოკვლა, მაგრამ მისი სიკვდილი სკრიპალებზე თავდასხმის მცდელობის შედეგი იყო. ანგარიშში დადასტურებულია სტერჯესის სიკვდილის ძირითადი ვერსია და აღნიშნულია, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო - ის სასიკვდილოდ იყო მოწამლული. სკრიპალი და მისი ქალიშვილი გადარჩნენ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პუტინმა გრუ-ს ოპერაცია დაამტკიცა „რუსეთის ძალაუფლების დემონსტრირებისთვის“. ანგარიშის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ თავდასხმისგან სკრიპალის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მისი ვინაობის სრული შეცვლით.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, სანქციები დაწესდა კერძოდ რუსეთის კიბერდაზვერვის რვა თანამშრომლის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, მათ მკვლელობის მცდელობამდე ხუთი წლით ადრე მავნე პროგრამის გამოყენება სცადეს იულია სკრიპალზე თავდასხმისთვის. გრუ-ს კიდევ სამი თანამშრომელი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია უკრაინასა და ევროპაში მტრული საქმიანობის ორგანიზებასა და უკრაინულ სუპერმარკეტებზე ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში. ანგარიშში არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელ ინციდენტზეა საუბარი.
გადაწყვეტილების კომენტირებისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სკრიპალების მკვლელობის მცდელობა აგრესიის აქტად შეაფასა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
სანქციების სიაში შედიან დენის სმოლიანინოვი, ვლადიმირ ლიპჩენკო, იური სიზოვი, ბორის ანტონოვი, ანატოლი ისტომინი, იგორ ბოჩკა, ალექსეი უმეცი, დენის დენისენკო, დმიტრი გოლოშუბოვი, პაველ იერშოვი და ნიკოლაი კოზაჩეკი.
ბრიტანეთის ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ მოჰყოლია მოსკოვის რეაქცია. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს სკრიპალის მკვლელობის მცდელობასა და სტერჯესის მკვლელობაში მონაწილეობას.
ასევე ნახეთ გაცვლის ფასი - ხანგოშვილების ოჯახი საფრთხეშია