რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება ინდოეთში, სადაც დღეს, 5 დეკემბერს მოლაპარაკება გამართა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან.
ნიუ-დელიში გამართული შეხვედრის დასაწყისში, რომელიც მედიისთვის ღია იყო, მოდიმ და პუტინმა ერთმანეთი და ინდოეთ-რუსეთის ურთიერთობები შეაქეს.
ტელეკომპანია India Today-ს ცნობით, პრემიერ-მინისტრმა მოდიმ რუსეთს უწოდა „ნამდვილი მეგობარი“ და ხაზი გაუსვა ნდობის მნიშვნელობას მზარდი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს „ისტორიული მნიშვნელობა“ აქვს, ახალ იმპულსს მისცემს ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობას, ინდოეთ-რუსეთის ურთიერთობები კი კარგი მაგალითია იმისა, როგორ აზროვნებენ შორსმჭვრეტელი ლიდერები.
პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობებს „ძალიან ღრმა ისტორიული ხასიათი“ აქვს. შეხვედრის საჯარო ნაწილში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო მედიამაც აჩვენა, პუტინმა ისიც თქვა, რომ ორ ქვეყანას სანდო ურთიერთობები აქვს „სამხედრო-ტექნიკური ურთიერთქმედების სფეროში“ და ავიაციის, კოსმოსის, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებით სვლას გეგმავენ.
ასევე ნახეთ ტრამპის თქმით, ინდოეთის პრემიერმა უთხრა, რომ რუსული ნავთობის შეძენას შეწყვეტენპუტინი ინდოეთში სახელმწიფო ვიზიტით გუშინ, 4 დეკემბერს ჩავიდა და იმავე საღამოს მოდისთან არაოფიციალური შეხვედრა ჰქონდა. დღეს, ოფიციალური მოლაპარაკების დაწყებამდე პუტინმა განაცხადა, რომ გუშინ ინდოეთის პრემიერს უამბო, „რა ხდება უკრაინის მიმართულებით” და რას მიმართავენ აშშ-თან ერთად „კრიზისის შესაძლო მშვიდობიანი დარეგულირებისთვის”.
თავის მხრივ მოდიმ განაცხადა, რომ ინდოეთი მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ ძალისხმევას და უკრაინის საკითხში ინდოეთს აქვს არა ნეიტრალური, არამედ საკუთარი - მშვიდობის პოზიცია.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში თავისი პირველი ვიზიტით 2024 წლის აგვისტოში იმყოფებოდა. ნარენდრა მოდიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ინდოეთი ემხრობა უკრაინაში მშვიდობის დიპლომატიური გზებით მიღწევას, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.
ასევე ნახეთ მოდი მოუწოდებს ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს2025 წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა, რომელმაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრს თეთრ სახლში უმასპინძლა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნარენდრა მოდი მისი მეგობარია და შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ უკმაყოფილებას იწვევდა ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენა, რადგან ეს რუსეთს აძლევს უკრაინაში ომის გაგრძელების შესაძლებლობას.
ტრამპის თანახმად, მოდიმ დაარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობს აღარ შეიძენენ.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ კორესპონდენტი 5 დეკემბერს ნიუ-დელიდან იუწყება, რომ ინდოეთის ინგლისურენოვანმა ტელეკომპანია India Today-მ რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს მიუძღვნა მუსიკალური ანიმაციური კლიპი, რომელშიც პუტინი და მოდი მოტოციკლით მგზავრობენ ნავთობობიექტებისა და რუსეთის მიერ ინდოეთისთვის მიწოდებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, ეს-400-ის ფონზე და მიდიან ბენზინგასამართ სადგურთან, სადაც ერთ ჩამომსხმელ აპარატს აწერია „რუსეთი“, ხოლო მეორეს - „აშშ“ და იქ პრეზიდენტი დონალდ ტრამპიცაა. მოდი მოტოციკლში საწვავს ასხამს რუსეთის აპარატიდან და ტრამპს გაბრაზებულს ტოვებს.
ანიმაციურ ვიდეორგოლში მოდი და პუტინი ინდურად მღერიან, რომ მათ მეგობრობას ვერაფერი დაანგრევს, ერთმანეთთან გარიგებებს გააგრძელებენ და არ დანებდებიან.