უკრაინის დელეგაცია განაგრძობს აშშ-ის მხარესთან მოლაპარაკებებს ფლორიდაში

საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის დელეგაცია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. მარჯვნიდან მეორე - რუსტემ უმეროვი. ფლორიდა, 30 ნოემბერი, 2025.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ანრი ჰნატოვი პარასკევს ფლორიდაში განგრძობენ მოლაპარაკებებს ამერიკულ მხარესთან.

ამის შესახებ განახადა უკრაინის მომლაპრაკებელთა გუნდის წევრმა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსანდრ ბევზმა.

„ფლორიდაში გრძელდება რუსტემ უმეროვისა და ანდრი ჰნატოვის მოლაპარაკებები აშშ-ის წარმომადგენლებთან. კიევის დროით წუხელ ღამით კონსტრუქციული მოლაპარაკებები გვქონდა სამშვიდობო პროცესის საკვანძო საკითხებზე. დღეს დელეგაცია განაგრძობს მაიამიში მუშაობას,“ მოჰყავს მისი სიტყვები „ინტერფაქს-უკრაინას“.

„შედეგების შესახებ პრეზიდენტი მოისმენს ანგარიშებს და განსაზღვრავს უკრაინის გუნდის შემდგომ ნაბიჯებს,“ დასძინა ბევზმა.

უკრაინაში ომის დასრულების გეგმის განსახილველად ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკება ფლორიდის შტატში გაიმართა 30 ნოემბერსაც. დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.

ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი დონბასს ნებისმიერ შემთხვევაში „გაათავისუფლებს“


ორი დღის შემდეგ, 2 დეკემბერს კრემლში გაიმართა მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მისი თანაშემწე იური უშაკოვი, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი, რომელიც უკრაინის შესახებ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში ჩართულია პუტინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი.

უიტკოფი და კუშნერი რუბიოსთან ერთად მონაწილეობდნენ უკრაინის დელეგაციასთან ფლორიდაში გამართულ შეხვედრაშიც.

კრემლში 2 დეკემბერს გამართული ხუთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ პუტინის თანაშემწე უშაკოვმა განაცხადა, რომ განიხილეს სამშვიდობო გეგმის არსი და არა კონკრეტული წინადადებები, ჯერჯერობით კომპრომისული ვარიანტი არ არსებობს, მუშაობა გაგრძელდება და შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების შინაარსს არ გაასაჯაროებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უიტკოფს და კუშნერს პუტინთან კარგი შეხვედრა ჰქონდათ და შთაბეჭდილება დარჩათ, რომ მას ომის დასრულება სურს. თუმცა, ტრამპის თქმით, ვერ იტყვის, რა გამოვა ამ შეხვედრიდან, რადგან „ტანგოს ორი სჭირდება“.

ასევე ნახეთ Euroclear-მა არარეალისტური უწოდა რუსული აქტივების ამოღებას


ასევე ნახეთ "დიპ სტეიტი", რომელიც მართავს რუსეთს - მემკვიდრეობით მიღებული ქვეყანა