დოკუმენტი გამოქვეყნდა თეთრი სახლის ვებსაიტზე. მასში აღწერილია ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, რომლებიც, როგორც კომენტატორები აღნიშნავენ, არაერთ მნიშვნელოვან საკითხში განსხვავდება წინა ადმინისტრაციის ხედვისგან.
33-გვერდიანი დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს აშშ-ის რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის ევროკავშირის, კრიტიკას. მასში ლაპარაკია რუსეთთან ურთიერთობებში სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენის აუცლებლობაზე.
ამერიკის შეერთებული შტატების გარე საზღვრების დაცვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ელემენტად არის განსაზღვრული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება აშშ-ის ინტერესების დაცვაზე დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში, რომლებთ ვაშინგტონის ურთიერთობებიც დამოკიდებული იქნება მათ უნარზე, წინააღმდეგობა გაუწიონ გარე გავლენას - როგორც ჩანს, იგულისხმება ჩინეთი. შეერთებული შტატები აპირებს შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი სამხედრო ყოფნა რეგიონში „საზღვაო გზების გასაკონტროლებლად, უკანონო და სხვა არასასურველი მიგრაციის თავიდან ასაცილებლად და ადამიანებითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესამცირებლად“.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებს, როგორც წამყვან მსოფლიო ძალას, არ შეიძლება, არ აინატერესებდეს სხვა სახელმწიფოების საქმეები, მაგრამ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიპყრობს ვაშინგტონის ყურადღებას, თუ ამ ქვეყნების ქმედებები პირდაპირ შეეხება ამერიკის ინტერესებს. ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებს არ მიუდგება დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული საკუთარი სტანდარტებით.
სტრატეგიაში საუბარია ტრადიციული ღირებულებების მხარდაჭერასა და იმაზე, რომ მიგრაცია შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს დასავლური ქვეყნების იდენტობისთვის. ამ მხრივ გაკრიტიკებულია ევროპა.
ასევე ნახეთ ჯეი დი ვენსი: ევროპის პრობლემა მისსავე შიგნითააჩინეთთან ურთიერთობები ძირითადად განიხილება „უფრო სამართლიანი“ სავაჭრო ურთიერთობების კონტექსტში. ასევე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში „ომის თავიდან აცილებით“ და ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები კვლავ ეწინააღმდეგება ტაივანის საკითხში სტატუს კვოს დარღვევას, ანუ კუნძულზე ჩინეთის კონტროლის ძალით დამყარების წინააღმდეგია.
დოკუმენტში „შეერთებული შტატების საკვანძო ინტერესად“ არის მოხსენიებული უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ასევე რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების რისკის შემცირება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუცილებელია პირობები, რათა უკრაინამ იარსებოს როგორც სიცოცხლისუნარიანმა სახელმწიფომ.
ამასთან, კონცეფცია პრაქტიკულად არ შეიცავს რუსეთის კრიტიკას. პირიქით, დოკუმენტი აკრიტიკებს ევროკავშირის მთავრობებს, რომელთაგან ზოგიერთში, მისი თქმით, ხელისუფლება თრგუნავს სიტყვის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას (იგულისხმება მემარჯვენე პოპულისტურ ძალები). ასევე აღნიშნულია, რომ ევროპელ ჩინოვნიკებს უკრაინაში ომის შედეგებთან დაკავშირებით „არარეალისტური მოლოდინები“ აქვთ. „ევროპელების უმეტესობას მშვიდობა სურს, მაგრამ ეს მისწრაფება პოლიტიკაში არ აისახება, ძირითადად იმიტომ, რომ მთავრობები ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესს“, ნათქვამია კონცეფციაში.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მასობრივი მიგრაციის შედეგად ევროკავშირისა და ნატოს რიგმა ქვეყნებმა შეიძლება „დაკარგონ თავიანთი იდენტობა“ და „ძირითადად არაევროპული“ გახდნენ, და გაურკვეველია, როგორ განვითარდება ამის შემდეგ მათი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროპასთან პარტნიორობაზე უარი კი არ უნდა თქვას, არამედ უფრო იმას ეცადოს, რომ ევროპამ კურსი შეცვალოს. ამავე დროს შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს „ევროპის ამჟამინდელი ტრაექტორიისადმი წინააღმდეგობა“.
ასევე ნახეთ უკრაინის დელეგაცია განაგრძობს აშშ-ის მხარესთან მოლაპარაკებებს ფლორიდაშიერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელებულია ევროპაში სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა რუსეთთან შეთანხმებების მიღწევის გზით. აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასმნიშვნელოვანი დიპლომატიური ძალისხმევა დასჭირდება შეერთებული შტატების მხრიდან. დოკუმენტში ნატოზე ნათქვამია, რომ აუცილებელია უარი ითქვას „მუდმივად გაფართოებად ალიანსად“ მის აღქმაზე. თუმცა, კონცეფცია არ შეიცავს ცალკე ნაწილს რუსეთთან ურთიერთობებზე. რუსეთი მხოლოდ ევროპასთან ურთიერთობებთან დაკავშირებით არის ნახსენები.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ. დ. ვენსმა ევროკავშირის ქვეყნები თებერვალში მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე გააკრიტიკა და ისინი სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების ჩახშობაში დაადანაშაულა. ევროპის ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერები თავს იკავებენ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირდაპირი დაპირისპირებისგან და ტრანსატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. ბევრი ამტკიცებს, რომ აშშ-ის მოთხოვნები, განსაკუთრებით სამხედრო ხარჯების გაზრდის შესახებ, რეალურად სასარგებლო აღმოჩნდა ევროპისა და მისი სტრატეგიული ავტონომიისთვის.