დონალდ ტრამპი ფიფას "მშვიდობის პრემიის" პირველი ლაურეატი გახდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტამპი (მარცხნივ) და ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო. ვაშინგტონი, 5 დეკემბერი, 2025.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის - ფიფას - ახლად დაწესებული მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი. ეს გამოცხადდა მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის ცერემონიაზე. ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. ვაშინგტონში გამართულ კენჭისყრაში ტრამპმა მონაწილეობა მიიღო ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად.

ტრამპს გადაეცა მედალი და სერტიფიკატი, ასევე თასი. ის დიზაინით ჩამოჰგავს ფიფას მსოფლიო თასს, რომელიც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონებს გადაეცემათ.

ფიფას ვებსაიტის თანახმად, მშვიდობის პრემია გადაეცემათ „იმ პირებს, რომლებმაც მშვიდობისთვის განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი საქმეები გააკეთეს, რითაც გააერთიანეს ხალხი მთელს მსოფლიოში“. ჯილდოს მიღებისას მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი ადმინისტრაციის ძალისხმევით უკვე დასრულდა „რვა ომი“ მთელს მსოფლიოში. ცერემონიაზე ხაზი გაესვა ტრამპის მიღწევებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში, ასევე მისი ადმინისტრაციის მცდელობებს უკრაინაში ომის დასრულების მიმართულებით.

ტრამპის კრიტიკოსები, რომლებსაც Reuters-ი იმოწმებს, ამტკიცებენ, რომ ფიფამ ჯილდო შექმნა სპეციალურად ამერიკის პრეზიდენტისადმი მლიქვნელობისთვის, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ მისი მშვიდობისმყოფელი ძალისხმევის აღიარება ნობელის პრემიით შეიძლებოდა.

ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ კანადისა და მექსიკის ლიდერები. კენჭისყრის თანახმად, მსოფლიო ჩემპიონატის გამხსნელი მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის გაიმართება.

ასევე ნახეთ ნობელის მშვიდობის პრემიის წლევანდელი ლაურეატი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადოა