ერთჯერადად გვთხოვეს ნავთობის გატარება, რასაც სრულიად უფასოდ ვაკეთებთ - ეკონომიკის სამინისტრო აზერბაიჯანიდან სომხეთში ტრანზიტზე

„საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ქვეყანა“, - აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ მეზობელი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის „ერთჯერადი იმპორტის“ შესახებ, რასაც სახელმწიფო „სრულიად უსასყიდლოდ“ განახორციელებს.

ამ განცხადებით საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეხმაურება აზერბაიჯანულ პროსამთავრობო მედიაში გავრცელებულ ცნობებს აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების გადასაზიდად საქართველოს მიერ ერთ ტონაზე „92$-იანი ტარიფის დაწესების“ შესახებ.

ინფორმაცია, რომ ნავთობის პარტიას საქართველო „უფასოდ“ გაატარებს, 8 დეკემბერს „იმედმა“ და პირველმა არხმა გაავრცელეს, - მოგვიანებით ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან რადიო თავისუფლებასაც მიაწოდეს.

ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრის თანახმად:

  • 2025 წლის 5 დეკემბერს მთავრობამ „პარტნიორი ქვეყნებისგან“ მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში „საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით“;
  • სამინისტროში ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს“, ხოლო ეს გადაწყვეტილება „ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს“;
  • „საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი“, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესცენტრში.

დამაზუსტებელ კითხვებზე, - მათ შორის, ადასტურებენ თუ არა, რომ თავდაპირველად 92$-იანი ტარიფი დაასახელეს ან რომ ეს თანხა დაასახელეს მოლაპარაკებებისას პოტენციური შემდეგი პარტიებისათვის, - უწყებაში არ პასუხობენ.

რას წერდა აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედია

აზერბაიჯანულმა გამოცემა Minval Politika-მ 5 დეკემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით, „საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ“, რომლითაც მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და თბილისი-ბაქოს ურთიერთობებში „საგანგაშო“ ცვლილებაზე საუბრობს.

აზერბაიჯანში, - რომელიც პრესის თავისუფლების საერთაშორისო ინდექსებში ბოლო ადგილებზეა, - ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი პრესა თითქმის სრულიად გამქრალია.

სტატიაში ჯერ აღწერილია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება და ტრაილერების მძღოლების შეფერხება, - რაც წინა პერიოდში სხვა პროსახელისუფლებო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა, თითქოსდა ქართველი მესაზღვრეების კომენტარების გამო, „წადით ზანგეზურით, როცა თქვენი დერეფანი მზად იქნება“.

ასევე ნახეთ "ტრამპის მარშრუტი" - სად არის საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე?

ამავე სტატიაში გამოცემა წერს, რომ ქართულმა მხარემ აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს ტერიტორიის, - რკინიგზის 111 კმ-იანი მონაკვეთის - გამოყენების სანაცვლოდ მოითხოვა ერთ ტონა ნავთობზე 92$-იანი ტარიფი.

  • ეს ნიშნავს 1კმ-ზე 1 ტონის გატარების სანაცვლოდ 0,83 დოლარს;
  • რასაც, ავტორის თანახმად, აზერბაიჯანული მხარე უსამართლოდ მაღალ ფასად მიიჩნევს და ამბობენ, რომ „20-ჯერ მაღალია“ აზერბაიჯანის ტარიფზე;
  • გამოცემა მიიჩნევს, რომ საქართველოს „ლოგისტიკური მონოპოლია უალტერნატივო აღარ არის“.

მანამდე, 2 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული სატვირთოების, მათ შორის თამბაქოთი დატვირთული სატვირთოების, ხანგრძლივ შეფერხებაზე ცნობები „დეზინფორმაციაა“.

  • „განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება.
  • ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მათ შორის, სგპ. ,,წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან 24-საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურმა.