მმართველი პარტია "ქართული ოცნება“ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს დამატებით ამკაცრებს. ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევა, ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა, თუმცა ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ბიუროს დღევანდელ, 8 დეკემბრის სხდომაზე წარადგინეს უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც:
- შემოდის სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება.
- თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება, მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ მითითება მისცეს.
- მითითების შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.
პასუხისმგებლობის საკითხი ბიუროს დღის წესრიგის ანოტაციაში განმარტებული არაა.
16 ოქტომბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, აქცია-დემონსტრაციაზე აიკრძალა სახის დაფარვა, კარვების დადგმა და გზების ბლოკირება, რაც ისჯება 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში - ორ წლამდე პატიმრობით.
ამ წესის ამოქმედების შემდეგ ათობით დემონსტრანტი დააკავეს.
წარმოდგენილ ცვლილებებს სოციალურ ქსელში X-ში გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ინციირებული ცვლილები დემონსტრაციის უფლებას კიდევ უფრო ზღუდავს.
"ყველა საპროტესტო აქციას წინასწარ ნებართვა დასჭირდება, თუ მისი გამართვა „ხალხმრავალ საზოგადოებრივ ადგილებში“, ანუ თბილისის ყველა ცენტრალურ ადგილზე დაიგეგემბა. მთავარი სამიზნე ერთი წლის განმავლობაში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებია“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე.
2 წლის წინ, სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის დროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი 5 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
"სპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების უფლება, მათ შორის, ტრანსპორტის სავალ ადგილას ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით, ექცევა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცულ სფეროში", - განაცადა საკონტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე.
წელს თებერვალში კი გამკაცრდა შეკრება-მანიფესტაციების წესები, საკანონმდებლო ცვლილებები ერთდროულად რვა კანონში შევიდა.
კანონმა განსაზღვრა სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნებაც, თუ „შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს“. დემონსტრანტებმა გაფრთხილება „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში“ უნდა შეიტანონ, სულ მცირე, ხუთი დღით ადრე.
აიკრძალა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
აიკრძალა ასევე აქციით სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება. მოსამართლის სახლთან საპროტესტო აქციის ჩატარება ასევე „შეკრების ან მანიფესტაციის საერთო სასამართლოში ჩატარებასაც“. ყველაფერი ეს ისჯება 5000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე პატიმრობით.
აიკრძალა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.
წელიწადზე მეტია საქართველოში იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.
ასევე ნახეთ მიხეილ ყაველაშვილმა პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ცვლილებებს ხელი მოაწერა