უკრაინის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა რუსული დრონებით შეტევის შედეგად

ფოტო არქივიდან. რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად უკრაინაში განადგურებული თბოელექტროსადგური

უკრაინაში, სადაც ელექტროენერგიის მიწოდების მკაცრი გრაფიკი მოქმედებს, ენერგომომარაგება სრულად შეუწყდა სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებს.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს” ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე. მათი დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეწყდა ოთხ რეგიონში.

უკრაინის ენერგოკომპანიის თანახმად, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობას იძლევა უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 110 უპილოტო საფრენი აპარატით. დილის ცხრა საათისთვის სარდლობას დადასტურებული ჰქონდა 84 რუსული დრონის ჩამოგდება და 24-ით პირდაპირი დარტყმა 9 ადგილზე.

ასევე ნახეთ რუსეთის ქალაქ ჩებოქსარიდან დრონებით შეტევისა და დაშავებულების შესახებ იუწყებიან

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება დაიწყეს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე. შეტევა ინტენსიური ხდება ხოლმე ზამთრის მოახლოებისთანავე, რაც ენერგოკრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს.

უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.

ასევე ნახეთ უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედება უტოლდება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს - საერთაშორისო საგამოძიებო კომისია