„ეს სპეკულაციები არის აბსოლუტურად არასერიოზული და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს სუფევს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში. აქ სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს იმართება თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებული "მშვიდობისა და ნდობის ფორუმი".
ფორუმში თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.
ფორუმში მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც.
მედიასთან საუბარში სადავო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საკითხის კომენტირებისას თქვა, რომ "თავის მართლება აქ საჭირო არაა. პრემიერ-მინისტრი წასულია, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება და იგეგმება". მისი თქმით, "თუკი ფორუმში მონაწილეობს პუტინი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ უნდა შეხვდეს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს".
"თუკი პრეტენზიები გვაქვს თურქმენეთთან, ან მართვის სტილთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ინტერესებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ.. თუკი ჩვენ ჩინეთთან ვთანამშრომლობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპის კრიტიკას ავყვეთ, როდესაც თავად ჩადიან ჩინეთში და უშველებელ ხელშეკრულებებს დებენ. ასე რომ, სამწუხაროა, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ოკუპანტი ვინც არის, ყველამ კარგად იცის.... თუკი თქვენ გგონიათ შეხვედრების, ფორუმების გარეშე საქართველოს შეიძლება რაღაც პერსპექტივა ჰქონდეს მომავალში, არათუ ძალიან ცდებით, არამედ ვფიქრობ, მაინც პროპაგანდისტული ინტერესები გაგაჩნიათ და მეტი არაფერი“, - უპასუხა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
თურქმენეთში პუტინთან ერთად ფორუმში მონაწილეობა "საქართველოს ღალატის" გზად, შეაფასა ოპოზიციური "ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა, რომლის თანახმაც, ეს " ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს დაანგრევს".
"ალბათ, ერთი ნაბიჯია, რომ პირდაპირ, საჯაროდ მოხდეს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების შეხვედრა და ერთგვარი მოკავშირეობა გამოცხადდეს საქართველოს და რუსეთს შორის", - თქვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
სადავო პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის თქმით, რაიმე ტიპის შეხვედრა აშხაბადში რუსეთის წარმომადგენლებთან დაგეგმილი არ არის. შეკითხვის პასუხად, ხედავს თუ არა მთავრობა პუტინთან საუბრის რესურსს, პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებით.
"ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინც ამ ინტერესებს პატივს სცემს, მათ ვესაუბრებით, ვინც პატივს არ სცემს - არა. რუსეთის მიერ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. შესაბამისად, არ ვსაუბრობთ. თქვენ შეიძლება ვერ ატყობთ, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან“, - თქვა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ კობახიძე აშხაბადში თურქმენეთის პრეზიდენტს და აზერბაიჯანის პრემიერს შეხვდაფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სესიის თემა, „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“, "ზედმიწევნით ეხმიანება საქართველოს ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს".
"დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული - შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებითა და ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი გამოსვლის თანახმად, მთავრობა ხელმძღვანელობს "მშვიდობიანი პოლიტიკის მკაფიო ორიენტირით" და ცდილობენ წვლილი შეიტანონ "რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში".
ფორუმის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ამ დრომდე შეხვდა, თურქმენეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს.
ის წელს მესამედ იმყოფება თურქმენეთში.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა - წელს მესამედთურქმენეთი ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყანაა. ქვეყნის პრეზიდენტია სერდარ ბერდიმუჰამედოვი, ყოფილი პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვაჟი, რომელიც თურქმენეთს 15 წლის განმავლობაში (2006-2022 წწ.) მართავდა ერთპიროვნულად.
მას შემდეგ, რაც 2022 წელს მან შვილს გადააბარა პრეზიდენტობა, შეინარჩუნა ფართო უფლებამოსილება და დარჩა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, ჰალკ მასლაჰათის თავმჯდომარის თანამდებობაზე.