ირაკლი კობახიძე დღეს, 11 დეკემბერს გაემგზავრა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება. ეს წელს მისი მესამე სტუმრობაა თურქმენეთში.
ამასთან, ასადოვისა და კობახიძის შეხვედრა არის პირველი შეხვედრა ქართველ და აზერბაიჯანელ მაღალი თანამდებობის პირებს შორის მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედიაში გავრცელდა ცნობები აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების გადასაზიდად საქართველოს მიერ ერთ ტონაზე „92$-იანი ტარიფის დაწესებისა“ და ამის გამო აზერბაიჯანის გაღიზიანების შესახებ.
ოფიციალურ ცნობებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, ისაუბრეს თუ არა ამ საკითხზეც ლიდერებმა.
შეხვედრა ბერდიმუჰამედოვთან - „შუა დერეფანი“
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ და სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, - რომელმაც მადლობა გადაუხადა ფორუმში მონაწილეობისთვის, - ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
„ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს“, - აცხადებს პრესცენტრი.
ირაკლი კობახიძის ფეისბუკის გვერდის თანახმად, მან გამოთქვა მზადყოფნა, „საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას“; ამასთან:
- თურქმენეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის“;
- ორივემ გამოთქვა მზადყოფნა „ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის“.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით მოიწვია საქართველოში.
- თურქმენეთი ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყანაა. ქვეყნის პრეზიდენტია სერდარ ბერდიმუჰამედოვი, ყოფილი პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვაჟი, რომელიც თურქმენეთს 15 წლის განმავლობაში (2006-2022 წწ.) მართავდა ერთპიროვნულად.
- მას შემდეგ, რაც 2022 წელს მან შვილს გადააბარა პრეზიდენტობა, შეინარჩუნა ფართო უფლებამოსილება და დარჩა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, ჰალკ მასლაჰათის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
შეხვედრა ალი ასადოვთან
ირაკლი კობახიძის ფეისბუკ-გვერდის ცნობითვე, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრაზე ისაუბრეს „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკაზე“.
ის ასევე წერს:
- „ხაზი გაესვა მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.
- ვისაუბრეთ შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივაზე, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
- კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მზადყოფნა, დიალოგის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“.
პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ მოკლე ცნობაში ირაკლი კობახიძე ასევე წერს:
„საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და აგრძელებენ თანამშრომლობას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების იდეის ერთგულნი ვართ“.
შეხვედრას 3 დღით უსწრებდა წინ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადება, რომ მეზობელი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის „ერთჯერადი იმპორტის“ შესახებ, რასაც სახელმწიფო „სრულიად უსასყიდლოდ“ განახორციელებს.
ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეხმაურება აზერბაიჯანულ პროსამთავრობო მედიაში გავრცელებულ ცნობებს აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების გადასაზიდად საქართველოს მიერ ერთ ტონაზე „92$-იანი ტარიფის დაწესების“ შესახებ; აზერბაიჯანული მედია ამას აღწერდა, როგორც აზერბაიჯანული მხარის მიერ უსამართლოდ მაღალ ფასად მიჩნეულ ტარიფს.
ფორუმი