„ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველაზე მგრძნობიარეა და მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით“, - აცხადებს პროფკავშირი.
ორგანიზაციის თანახმად, ეს მონაცემები ხშირად იტევს ადამიანის ყველაზე რთულ გამოცდილებებს — „ტრავმას, სტრესს, ძალადობას, რომელსაც ისინი ხშირად დიდი ძალისხმევით და ნდობით გვიზიარებენ“.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი თავს იკავებს ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მისვლისგან არსებული სტიგმის გამო. თუ გაჩნდება შიში, რომ მათი ინფორმაცია შეიძლება აღმოჩნდეს „ცენტრალურ ბაზაში“, ხელმისაწვდომი გახდეს ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური ტოტალიტარული რეჟიმისთვის, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათ დაცულობას — ადამიანები საერთოდ უარს იტყვიან მხარდაჭერაზე“, - აცხადებს პროფკავშირი.
„ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის კონტროლის იარაღი. არ არის დასჯის, დამორჩილების ბერკეტი. ის არის ადამიანის უფლება — მიიღოს მხარდაჭერა უსაფრთხოდ, ღირსეულად და კონფიდენციალურად“, - წერია ორგანიზაციის მიერ 12 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ, სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირი მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ადამიანს, ვინც ზრუნავს მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულება არის ხელი შეუწყოს ადამიანების სრულფასოვან მონაწილეობასა და ინტეგრაციას საზოგადოებაში — და არა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მათ მიმართ დისკრიმინაციას, შიშს ან იზოლაციას აღვივებს“, - აცხადებენ პროფკავშირში.
- სადავო პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის ძალით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2026 წლის 1 მარტამდე უნდა შექმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ „სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა“.
- „ბაზის შექმნის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - წერია განმარტებით ბარათში.
- ავტორები კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასე აღნიშნავენ ცვლილების საჭიროებას: „ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება“.