ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Axios-ი ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ ვაშინგტონი მზად არის უკრაინას მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელიც შემდგომ კონგრესის მიერ დამტკიცდება.
"ჩვენ გვინდა უკრაინელებს მივცეთ უსაფრთხოების გარანტია, რომელიც, ერთი მხრივ, არ იქნება ე.წ. ცარიელი ჩეკი, მაგრამ, მეორე მხრივ, იქნება საკმარისად ძლიერი. ჩვენ მზად ვართ, ეს კონგრესში გავგზავნოთ კენჭისყრისთვის", - ამბობს ერთ-ერთი წყარო.
გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ყველაზე საგრძნობი პროგრესი სწორედ უსაფრთხოების გარანტიებთან და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებულ პუნქტებზე მიაღწიეს. ამავე მოლაპარაკების ნაწილია გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ.
ნატოს წესდების მეხუთე მუხლი წევრი ქვეყნების დაცულობის მთავარი გარანტია და სწორედ ეს მუხლი განაპირობებს ალიანსის გაფართოებას, რომლის ტერიტორიაზეც უკვე 75 წელია, ომი არ ყოფილა. მეხუთე მუხლი 1949 წლიდან არსებობს, როცა ვაშინგტონში, 12 ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. მუხლის შინაარსი ასეთია:
„მხარეები თანხმდებიან, რომ შეიარაღებული თავდასხმა ერთ ან მეტ მათგანზე [ქვეყანაზე] ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, უნდა იქნეს განხილული, როგორც თავდასხმა ყველა მათგანზე. შესაბამისად, ისინი თანხმდებიან, რომ ასეთი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, თითოეული მათგანი, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლებით სარგებლობის ფარგლებში, დაეხმარებიან თავდასხმის სამიზნე მხარეს ან მხარეებს, დაუყოვნებლივ, ინდივიდუალურად და სხვებთან კოორდინაციით, ისეთი ქმედებებით, რაც მიჩნეულ იქნება საჭიროდ, მათ შორის, სამხედრო ძალის გამოყენებით, რათა აღდგენილ და შენარჩუნებულ იქნეს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება“.
დღეს, 13 დეკემბერს პარიზშია დაგეგმილი უკრაინელი და ევროპელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება ბერლინში შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, რომელსაც ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან.
ასევე ნახეთ უიტკოფი ბერლინში ზელენსკის შეხვდება ომზე მოლაპარაკებებისთვის ასევე ნახეთ ზელენსკი ჩავიდა კუპიანსკში, რომელიც რუსეთის მტკიცებით, ჯერ კიდევ ნოემბერში დაიკავა საოკუპაციო არმიამ