არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმსახურებაც შეუჩერეს

არქიმანდრიტი დოროთე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) მღვდელმსახურებაც შეუჩერეს. გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე.

„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზის დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, - წერია #105 ბრძანებაში.

მოციქულთა 55-ე კანონში, რომლის დარღვევასაც მას ედავებიან, წერია: „კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ ნათქვამია: "...მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი“.

„კომისიის გარეშე რატომ გადაწყვიტეს ეს, ჩემთვის ამოუხსნელია, მაგრამ არა - მოულოდნელი. ამათი უტიფრობა ზღვარს გადასულია... ვფიქრობ, რომ მოსაყდრე შიო [მუჯირი], [ანდრია] ჯაღმაიძე, [მიქაელ] ბოტკოველი სამოციქულო ეკლესიას თუ არ ჩამოშორდებიან, ჩამოიქცევა. მე ერთი ვიყავი, ვინც მედგრად ვეწინააღმდეგებოდი და ვამბობდი ჭეშმარიტ სიტყვას რუსების წინააღმდეგ.

მე გავაგრძელებ ჩემს სათქმელს არა როგორც მღვდელმსახური, არამედ როგორც ერთი მოქალაქე... ეკლესია კვდება, ქვეყანა გვიკვდება და მღვდელი დუმს... ეს გადაწყვეტილება არაფერში შემიშლის ხელს. უბრალოდ, ამან შეიძლება მთავრობა უფრო გაათამამოს და ციხეში ჩამსვან“, - თქვა არქიმანდრიტმა დოროთემ მოგვიანებით.

მღვდელმსახურების უფლების შეჩერებამდე არქიმანდრიტი დოროთე დააქვეითეს. მიზეზი კვლავ მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები იყო. 29 ოქტომბრიდან ის სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესეს. მაშინ ეპარქიულმა კომისიამ დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან იკვეთებოდა დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები - „ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები“.

ასევე ნახეთ ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი წინამძღვრობიდან გაათავისუფლა

დოროთე ყურაშვილი ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტებისა და პროევროპული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერია და ხშირად აკრიტიკებს მმართველი გუნდის მოქმედებებს, ქადაგებებშიც და საჯარო გამოსვლებშიც. არქიმანდრიტს 16 საეპარქიო კომისიის სხდომაზე, რომელზეც არ გამოცხადდა, „მკაცრი გაფრთხილება“ გამოუცხადეს.

ასევე ნახეთ „დიქტატორსაც სჭირდება ხალხი“ - ინტერვიუ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან