„არც დე-იურე, არც დე-ფაქტო“ - ზელენსკი დონბასის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი. ბერლინი, 2025 წლის 15 დეკემბერი

უკრაინის მიერ რუსეთის მოთხოვნის შესრულება და მისთვის დონბასის დათმობა ის ძირითადი საკითხია, რომელზეც კონსენსუსი არ არის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც 14-15 დეკემბერს ბერლინში მოლაპარაკება გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან, ბერლინიდან გამგზავრების შემდეგ თვითმფრინავში უპასუხა უკრაინული მედიასაშუალებების შეკითხვებს. მათი ნაწილი ეხებოდა უკრაინის მიერ დონბასის დათმობის შესაძლებლობას, რასაც რუსეთი მოითხოვს და შეერთებული შტატების „სამშვიდობო გეგმის“ ნაწილიცაა.

„არც დე-იურე, არც დე-ფაქტო ჩვენ დონბასს რუსულად არ ვაღიარებთ. იმ ნაწილს, რომელიც დროებით ოკუპირებულია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი ინფორმაციით, მიუხედავად ამისა ტერიტორიების საკითხზე საუბარი გრძელდება, ის ერთ-ერთი ძირითადია და კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსებს დონბასი სურთ და მათი პოზიცია არ შეცვლილა, უკრაინის პოზიცია პრაქტიკული, რეალური და სამართლიანია და დონბასის მიცემას არ აპირებენ, ამერიკელებს კი სურთ კომპრომისი მოძებნონ და მათი წინადადებაა თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ზონა არ ნიშნავს, რომ მას რუსეთმა უნდა უხელმძღვანელოს.

ასევე ნახეთ ზელენსკი: "ჯერ კიდევ განსხვავებული პოზიციები", მაგრამ "რეალური პროგრესი"

ბერლინში უკრაინის პრეზიდენტისა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების ორდღიანი მოლაპარაკებისას ამერიკულმა მხარემ განაცხადა თანხმობა უკრაინას მისცეს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც არსებითად იქნება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის (ნატოს კოლექტიური თავდაცვა) მსგავსი.

შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებას გააგრძელებენ. პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები კონსულტაციებს გააგრძელებენ რუსეთის წარმომადგენლებთანაც.

ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი დონბასს ნებისმიერ შემთხვევაში „გაათავისუფლებს“

15 დეკემბერს, ბერლინში უკრაინის პრეზიდენტისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკების მეორე დღის ბოლოს გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ათამდე სახელმწიფოს ლიდერები და ევროკომისიისა და ნატოს ხელმძღვანელებიც.

შეხვედრის შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა გამოაქვეყნეს უკრაინის მხარდამჭერი განცხადება. ისინი მიესალმნენ აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას და დაადასტურეს ერთობლივად მუშაობის ვალდებულება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები და ეკონომიკური აღდგენა.

განცხადება მოიცავს წინადადებას, ევროპის ხელმძღვანელობით და აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნას მრავალეროვანი ძალები, რომლებიც ხელს შეუწყობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღორძინებას და უკრაინის ცის და ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ შორის უშუალოდ უკრაინაში ოპერაციების ჩატარების გზით.