გაათავისუფლეთ უსაფუძვლოდ დაპატიმრებულები, გააუქმეთ რეპრესიული კანონები - ევროკავშირის 26 წევრი ქვეყანა თბილისს

ევროკავშირის საბჭო (უნგრეთის გამოკლებით) ბლოკის გაფართოებასთან დაკავშირებულ დასკვნებს აქვეყნებს, მათ შორის, საქართველოზე.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა (დანია) აქვეყნებს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ დასკვნებს, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით - დოკუმენტს აქვს 27 წევრი ქვეყნიდან 26-ის მხარდაჭერა. დასკვნებს უნგრეთი შეეწინააღმდეგა.

ევროკავშირის საბჭო - უნგრეთის გამოკლებით - მოუწოდებს საქართველოს, „გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული“ ადამიანი, „გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა“; ასევე, მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე პასუხად აცხადებს, რომ ევროკავშირს „არავითარი კრიტიკის საფუძველი“ არ გააჩნია.

16 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში - როგორც რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს, წინსწრებით იუწყებოდა, - წერია, რომ:

  • „საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ სწრაფვის მიმართ“;
  • „საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი“.

საბჭო იქვე აღნიშნავს „სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში“, რომელთა შორისაც ასახელებს:

  • „ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას;
  • სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას;
  • ოპოზიციის ლიდერების დევნას;
  • საპროტესტო აქციებში მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებებს;
  • სამოქალაქო სივრცის შევიწროებას“.

ამავე დოკუმენტით, საბჭო „გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნარატივების გავრცელებას და ამ პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს“.

ამასთან, საბჭო „სინანულით აღნიშნავს საქართველოს უკუსვლას ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებაში, რომელთა შესრულების გათვალისწინებით ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა“.

ასევე ნახეთ „უპრეცედენტო უკუსვლა“ - რადიო თავისუფლებამ ნახა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში და აი, რა წერია იქ საქართველოზე

„ჩიხი“ და მოწოდებები

„შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება“.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • „გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი,
  • გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა,
  • მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად
  • შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ - როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად“.

ამავე დოკუმენტით, ევროკავშირის საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გზით.

„საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

  • „საბჭო კვლავ აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) სრული თანხვედრის მიმართებაში, კერძოდ, თანხვედრით რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან, რომელიც მიღებულია როგორც უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის კონტექსტში.
  • საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის თავიდან აცილებაში თანამშრომლობა გააგრძელოს“.
ასევე ნახეთ „სერიოზული უკუსვლა“ ევროკავშირის საბჭოს გაფართოების დასკვნებშიც - რადიო თავისუფლებამ კიდევ ერთი დოკუმენტი მოიპოვა

მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, ევროკავშირის საბჭოს დასკვნების შეფასებისას განაცხადა:

„ყველა მიმართულებით ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალზე და ნატისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რაც ხორციელდება ქართველი ხალხის და ქართველი სახელმწიფოს წინააღმდეგ“.