"ავტოსტატი" - საქართველოდან რუსეთში 34.6 ათასი ავტომობილი შეიტანეს. საქსტატის თანახმად - მხოლოდ რვა

საილუსტაციო ფოტო არქივიდან: საქართველო-რუსეთის საზღვარი

რუსული ანალიტიკური სააგენტოს "ავტოსტატის" დირექტორი სერგეი ცელიკოვი თავის Telegram-არხზე აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში იმპორტირებულია 34.6 ათასი მეორედი მსუბუქი ავტომობილი.

ის ირწმუნება, რომ ეს სამჯერ (+218%) აღემატება წინა წლის 11 თვის მონაცემებს.

ცელიკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, მანამდე მედიაში გამოქვეყნებული ცნობები, რომ საქართველოში, მესამე ქვეყნებში (მათ შორის ყირგიზეთსა და ყაზახეთში) ექსპორტისთვის გაფორმებული ავტომობილები, რეალურად რუსეთში იგზავნება დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით.

მონაცემები, რომლებსაც ცელიკოვი ეყრდნობა, საჯაროდ ხელმიუწვდომელია, თუმცა ის ოფიციალური „ელექტრონული პასპორტების სისტემიდანაა“ მიღებული.

„ავტოსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოდან რუსეთში 4.778 მეორადი მსუბუქი ავტომობილი (სამ წელზე მეტი წლის) შევიდა, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 3.3-ჯერ (+227%) მეტია.

ყველაზე პოპულარულია BMW (926 ავტომობილი), Toyota (441), Volkswagen (414), Hyundai (373) და KIA (352). მოდელებს შორის ლიდერობენ BMW X5 (279), Chevrolet Equinox (175) და BMW X7 (172). სტატისტიკა არ მოიცავს ახალ ავტომობილებს.

ამავდროულად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია მხოლოდ რვა მსუბუქი ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულება 139.300 აშშ დოლარი იყო.

ამასთან საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტის ღირებულებამ, ოფიციალური მონაცემებით, წელს 1.1 მილიარდ დოლარს (35 225 ავტომობილი) გადააჭარბა, ხოლო ყაზახეთში - 639 მილიონ დოლარს (37 093 ავტომობილი).

ასევე ნახეთ შეზღუდვა შეზღუდვისთვის. საქართველოდან ავტომობილები რუსეთში მაინც გადის

2023 წელს საქართველომ აკრძალა ავტომობილების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში, თუმცა არ აუკრძალავს ამ ქვეყნების მოქალაქეების სახელზე ავტომობილების რეგისტრაცია. შედეგად, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები საქართველოში ნაყიდი ავტომობილების საბოლოო დანიშნულების ადგილად დოკუმენტებში ყაზახეთს ან ყირგიზეთს უთითებენ. მედიის ცნობით, ამის შემდეგ ავტომობილები საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ლარსის“ გავლით გადის ექსპორტზე, თუმცა ხშირად რუსეთის ბაზარზე ხვდება.

2024 წლის გაზაფხულზე საქართველომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ავტომობილების რეექსპორტიც აკრძალა. ეს ნაბიჯი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების დაცვის დემონსტრირება იყო. თუმცა ავტოდილერებმა ვაჭრობის გაგრძელების ალტერნატიულ გზებს მალე მიაგნეს.