ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძისთვის გაგზავნილ წერილში წერს:
„2025 წლის იანვარში საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამარწმუნა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლი არ ყოფილა გამოყენებული.
მას შემდეგ არაერთმა თანამდებობის პირმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, აღიარეს, რომ წყალში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, - თუმცა არა ისეთი ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც ჯანმრთელობისთვის შესაძლო გრძელვადიანი შედეგები მოჰყვებოდა, რაზეც ახლახან მედიაში გავრცელებულ რეპორტაჟში იყო საუბარი“.
ო'ფლაჰერტი შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს 2025 წლის 24 იანვარს შეხვდა.
წერილი, რომელიც 10 დეკემბრით თარიღდება, დღეს, 17 დეკემბერს გამოაქვეყნა ევროპის საბჭომ. ამ წერილში ო'ფლაჰერტი ასევე წერს, რომ მის მიერ აღწერილ კონტექსტში მიაჩნია:
„ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხი უნდა განიხილებოდეს, როგორც პროკურატურის მიერ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენების საკითხის გამოძიების ნაწილი“.
ასევე ნახეთ კობახიძე BBC-ის გამოძიების გამო ბრიტანეთის მთავრობისგან ბოდიშს ითხოვს - ასეთი პრეცედენტი არ არსებობსო'ფლაჰერტი განმარტავს, რომ საუბრობს გამოძიებაზე, რომელიც დაიწყო საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, თუმცა 1 ივლისს სამსახურის გაუქმების შემდეგ გადაეცა საქართველოს პროკურატურას.
„მაცნობეს, რომ [ჩემი ვიზიტის] შემდეგ კიდევ უფრო მეტი მომიტინგე გაასამართლეს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების არცერთი თანამშრომელი არ მიუციათ პასუხისგებაში“, - წერს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.
„მადლობელი ვიქნები, თუ მივიღებ განახლებულ ინფორმაციას პროკურატურის მიერ სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ ზემოხსენებული საპროტესტო აქციების კონტექსტში ჩადენილი ძალის გადაჭარბებული გამოყენების ან ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების შემთხვევების გამო“, - წერს იგი.
- 2025 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები“ ამოწურულად გამოაცხადა;
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 დღეში დაადგინა, რომ თბილისში დემონსტრანტთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის, „კამიტის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ BBC-ის ფილმი იყო „მიზანმიმართული დეზინფორმაცია“. ექსპერტების ნაწილი სუსის დასკვნას არ ენდობა და შეუსაბამობებზე მიუთითებს.
- გამოძიება გრძელდება „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლით.