ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დატოვა

ზურაბ ჯაფარიძე

ოპოზიციური გაერთიანების, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. მას 7-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა.

ოჯახის წევრები, მეგობრები და ჟურნალისტები ელოდებოდნენ, რომ ზურაბ ჯაფარიძეს დილის ათი საათისთვის გაათავისუფლებდნენ, თუმცა ის საპატიმრო დაწესებულებიდან დაახლოებით ორი საათით ადრე გამოუშვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა ივნისში მიუსაჯა სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. ეს კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს სწავლობდა.

ამავე ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს არაერთ სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსსაც.

ასევე ნახეთ გისოსებს მიღმა - როგორ მოხვდნენ ოპოზიციური პოლიტიკოსები ციხეში (ამჯერად)

ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, 2025 წლის ნოემბერში შესთავაზეს კანონით გათვალისწინებული პროცედურა - ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაზეც მან უარი თქვა.

ნოემბერში პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ შვიდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა. ზურაბ ჯაფარიძეს ბრალად დასდეს საბოტაჟი და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ასევე ნახეთ „გამოექანეთ“ - ზურა ჯაფარიძე მის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეზე