ბრიუსელში ფერმერთა საპროტესტო აქცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა

18 დეკემბერს ბრიუსელში მასობრივ არეულობაში გადაიზარდა ფერმერების საპროტესტო აქცია ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის მოსალოდნელი სავაჭრო შეთანხმების გამო

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მასობრივ არეულობაში გადაიზარდა ფერმერების საპროტესტო აქცია ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების სავაჭრო ბლოკ Mercosur-ს შორის მოსალოდნელი შეთანხმების გამო.

ევროპელი ფერმერები შიშობენ, რომ ეს კონკურენციას გაზრდის.

საპროტესტო მსვლელობა, რომელშიც ფერმერები ტრაქტორებითაც მონაწილეობდნენ 18 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სხდომის გახსნის პარალელურად დაიწყო.

აქცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა ბრიუსელის იმ რაიონში, სადაც ევროკომისიისა და ევროპარლამენტის შენობებია. დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელებს კარტოფილი, ქვები და სხვა საგნები დაუშინა და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ბრიუსელში საპროტესტო აქციაზე ფერმერების მიერ დაყრილი კარტოფილი დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციის წინააღმდეგ გამოიყენა

აქციის მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს შენობების ფანჯრები და დაწვეს აქციისთვის მიტანილი თივა და საბურავები. იყო ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებიც.

პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა და დემონსტრანტების დაკავება დაიწყო. დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

პოლიციის მიერ ბრიუსელში დაკავებული დემონსტრანტი

ბრიუსელის პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში 7 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

პოლიციის თანახმად, მის მიერ სანქცირებული იყო დემონსტრაციისთვის 50-მდე ტრაქტორის გამოყენება, თუმცა დღის მეორე ნახევარში ბრიუსელში აღმოჩნდა 1000-მდე ტრაქტორი ძირითადად, ბელგიის სანომრე ნიშნებით.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ტრაქტორები ბრიუსელში