სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი დიპლომატიურ საქმიანობას წყვეტს

თარაშ პაპასქუა

საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეაში 22 დეკემბრიდან დიპლომატიურ საქმიანობას წყვეტს. თარაშ პაპასქუა, რომელიც გამოირჩეოდა პროევროპული და პროატლანტიკური განცხადებებით, მიზეზებზე სოციალურ ქსელ ფეისბუკში მიანიშნებს.

„ბოლო არასრულ ორ წელიწადში, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა საგრძნობლად შესუსტდა და საქართველოს იმიჯი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა“, - აცხადებს ის.

თარაშ პაპასქუა თანამდებობას დროზე ადრე ტოვებს - ამის შესახებ ირკვევა მთავრობის ადმინისტრაციის სახელით გამოცემული #2002 განკარგულებით. ამ საკითხზე რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების "შეჩერებაზე" ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადებიდან მეორე დღეს, 2024 წლის 29 ნოემბერს, თარაშ პაპასქუამ ფეისბუკში დაწერა, რომ „ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და ნატო“:

„გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!“

გასული წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამან საქართველოში ხალხმრავალი აქციები გამოიწვია. პროტესტი ამ დრომდე გრძელდება.