კიევში აიღებენ მიხეილ ბულგაკოვის ძეგლს

მიხეილ ბულგაკოვის ბრინჯაოს ძეგლი, კიევი, ანდრიევსკის დაღმართის N13

კიევის საქალაქო საბჭომ რუსეთის იმპერიასთან და საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული 15 ძეგლისა და ობიექტის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.

“აღებას ექვემდებარება მწერლისა და დრამატურგის, მიხეილ ბულგაკოვის ძეგლი”, - იუწყება „უკრაინსკაია პრავდა“.

ბულგაკოვის ბრინჯაოს ძეგლი 2007 წელს დაიდგა, ანდრიევსკის დაღმართის N13-ში მდებარე მუზეუმთან, რომელიც იმ სახლში გაიხსნა, სადაც მწერლის ოჯახი ცხოვრობდა.

კიევის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქის თვითმმართველობა აიღებს ან შეცვლის კომპოზიტორ მიხაილ გლინკას, პოეტ ანა ახმატოვას მემორიალებს, სიმბოლურ ხუთქიმიანი ვარსკვლავის მქონე აბრას „კიევი - გმირი ქალაქი“, ლენინის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მემორიალურ ქვას და კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკის მემორიალურ დაფას.

2024 წლის გაზაფხულზე, უკრაინის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის ექსპერტებმა რომანების „ოსტატი და მარგარიტა“ და „თეთრი გვარდიის“ ავტორი „უკრაინოფობად“ და „მსოფლმხედველობით იმპერიალისტად“ გამოაცხადეს, - იუწყება გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“. ექსპერტების აზრით, მწერალს „ეზიზღებოდა უკრაინელები და მათი კულტურა და სძულდა უკრაინელთა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა“.

მწერლის მუზეუმმა ინსტიტუტის დასკვნებს გაზვიადებული და მანიპულაციური უწოდა. ინსტიტუტის დირექტორმა ანტონ დრობოვიჩმა მოგვიანებით დაამატა, რომ ექსპერტები „ცოტა ემოციურები“ იყვნენ, მაგრამ, მისი სიტყვებით, „ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა“.

ასევე ნახეთ როცა პუშკინიც "შუაშია" და - სტალინიც

უკრაინამ, რამდენიმე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის მსგავსად, სსრკ-დან გასვლის შემდეგ „დესოვეტიზაციისა და დერუსიფიკაციის“ კურსი აიღო, რაც გამოიხატება საბჭოთა მემკვიდრეობისა და რუსული კულტურული კომპონენტის უარყოფითა და ეროვნული ენისა და კულტურის აღორძინებით. 2014 წელს ყირიმის ანექსიის და განსაკუთრებით 2022 წელს რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს პროცესი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. უკრაინის მასშტაბით აიღეს ასობით ძეგლი, რომლებიც რუსული და საბჭოთა ისტორიისა და კულტურის მოღვაწეებს ეძღვნებოდა. კერძოდ, ოდესაში აღარ დგას ქალაქის დამფუძნებლების, რუსეთის იმპერატორის ეკატერინე II-ის და მხედართმთავრის, ალექსანდრე სუვოროვის ქანდაკებები, ხოლო ხარკოვში - პოეტ ალექსანდრე პუშკინისა.

2023 წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს გეოგრაფიული ობიექტებისთვის რუსეთთან დაკავშირებული სახელწოდებების მინიჭებას.