საქართველოში მოქმედებს კანონი „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლება მისცეს სხვა კომპანიას კონკრეტული ტარიფებითა და პირობებით - ეს ზოგავს კომპანიების ხარჯს და ამარტივებს ახალი აბონენტების ჩართვას. კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, ამ საკითხზე დავებს განიხილავს კომუნიკაციების კომისია.
„შეზღუდვა თავდაპირველად შეეხო ახალი აბონენტების ჩართვას, ხოლო შემდგომ უკვე მომსახურების პროცესში გამოვლენილი დაზიანებების აღდგენისათვის დაშვების შერჩევითი და დროში გაჭიანურებული „სამუშაო" პროცესის დადგენას. ხელოვნური შეზღუდვების შედეგად დღეს მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვახორციელოთ ახალი აბონენტის ჩართვა ან სერვისზე დაფიქსირებული დაზიანების აღდგენა, თუ ამისათვის აუცილებელია სს „ენერგოპრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ელექტრომომარაგების ბოძზე დაშვება“, - აცხადებენ „მაგთიში“.
თავის მხრივ, „მაგთიკომს“ მოქმედ და პოტენციურ აბონენტებთან ხარვეზის აღმოფხვრასა და ქსელში ჩართვასთან დაკავშირებით განსაზღვრული ვადები აქვს. კომუნიკაციების კომისია საკითხს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი აბონენტები მას მიმართავენ - ამ დროს კომისიონერები იმსჯელებენ, რამდენად არგუმენტირებული იქნება კომპანიის პასუხები.
რადიო თავისუფლებამ მიმართა „ენერგო-პრო ჯორჯიას“, თუმცა კომპანიას ჯერჯერობით საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებია. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.