ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 24 დეკემბერს გაავრცელა ეპარქიამ ფეისბუკის გვერდზე.
ამ წყაროს თანახმად, 24 დეკემბერს შეიკრიბა საეპარქიო სასამართლო, რომელსაც თავად ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი თავმჯდომარეობდა. სხვა წევრები იყვნენ:
- არქიმანდრიტი ზენონ დადვანი;
- დეკანოზები - აკაკი ლიპარტელიანი, ექვთიმე კურდღელია, გიორგი ჩიქოვანი, მათე რომანიშვილი;
- მღვდლები, პეტრე პეტრიაშვილი და თორნიკე გოგლიძე.
საეპარქიო სასამართლომ განაჩინა, რომ მონაზონი თეკლა დამნაშავედ იქნას ცნობილი „არაერთ მძიმე დანაშაულში“ და „სრულიად განიკვეთოს სამონაზვნო დასიდან“:
„დაყვანილ იქნას ერისკაცობამდე და დაუბრუნდეს ერის სახელს: ნატალია კუბლაშვილი. აეკრძალოს სამონაზვნო შესამოსლით შემოსვა, აგრეთვე სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება“, - წერია განჩინებაში.
რას ედავებიან მას
საეპისკოპოსო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მონაზონი თეკლა ჯერ კიდევ 2025 წლის 5 მაისს „განტევებულ იქნა“ ეპარქიიდან „ურჩობისა და თვითნებობის გამო“.
ამავე წყაროს თანახმად:
- ორ ივნისს მონაზონი თეკლა დაუკავშირდა ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანს და ამცნო მის წინააღმდეგ დაგეგმილი „მძიმე დანაშაულის“ შესახებ;
- კერძოდ, მან აღიარა, რომ „ერთი წლის მანძილზე გადაბირებული იყო კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფის“, - მათ შორის ექსმაღალჩინოსანი გიორგი შინჯიკაშვილის მიერ და იღებდა სხვადასხვა დავალებას;
- „გაჰქონდა საეპისკოპოსო რეზიდენციიდან კერძო საუბრები და კონფიდენციალური ინფორმაციები“;
- „ასევე, მან აღიარა, რომ მას ამზადებდნენ მღვდელმთავრის სიცოცხლის მოსპობისთვის საწამლავის გამოყენებით“, - წერია განჩინებაში.
ეპარქიის სასამართლოს თანახმადვე, მონაზონი თეკლა „მამობრივი შემწყნარებლობით“ ისევ მიიღეს ეპარქიაში, რა დროსაც „სინანულისთვის“ დროებით გაგზავნეს მონასტერში.
ასევე ნახეთ მარნეულის ეპისკოპოსი არ აპირებს მკვლელობის შესახებ განცხადებაზე ჩვენების მიცემას„[იქიდან] ჩვენთვის უცნობი გარემოებებით აღმოჩნდა ერში, სადაც იგი მის მიერვე მხილებულ დამნაშავეთა ჯგუფს შეუერთდა“, - წერს საეპარქიო სასამართლო.
„მიუხედავად არაერთი მოწოდებისა და შეგონებისა, მან დანაშაულს დანაშაული დაუმატა და ჩაერთო ცილისმწამებლურ და პროვოკაციულ კამპანიაში მმართველი მღვდელმთავრის და ეპარქიის წინააღმდეგ. მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდის ეპისკოპოსის წინააღმდეგ, რათა ჩრდილი მიაყენოს მას და შფოთი შეიტანოს მრევლში“, - ასეთია საეპარქიო სასამართლოს მიერ მონაზვნისთვის წაყენებული ბრალდება.
რა ხდებოდა მანამდე
მანამდე, 2025 წლის ივნისის დასაწყისში, ამავე საეპარქიო სასამართლომ გიორგი შინჯიკაშვილი დამნაშავედ ცნო „ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში“ - ეპისკოპოსი ჯამდელიანის მკვლელობის მომზადებაში და „გულწრფელ სინანულამდე“ აუკრძალა ზიარების მიღება.
ეპისკოპოსმა მკვლელობის მცდელობაზე საჯაროდ პირველად 8 ივნისს ქადაგებისას ისაუბრა.
შინჯიკაშვილმა პოსტი 12 მაისს დატოვა.
- მანამდე, გიორგი შინჯიკაშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს („ხარებას“) შორის სავარაუდო დაპირისპირების შესახებ ვრცელდებოდა მედიაში ინფორმაცია, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირების თაობაზეც.
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი ცნობილია თავისი ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით და სამოქალაქო სექტორზე ნეგატიური შეხედულებებით.
- 2024 წლის დეკემბერში ის გამოეხმაურა რუსთაველზე დემონსტრანტების მიმართ სასტიკ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან და ამ პროცესს „ერის საერთო ტკივილი და ტრაგედია“ უწოდა;
- 2020 წელს ის „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებდა მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის აგორებაში და აღნიშნავდა, რომ ამის მიზანი მისი ეპარქიიდან ჩამოშორება იყო.