ყაველაშვილი აქტივისტებს ბუზებს ადარებს, თანამოაზრეებს კი ფუტკრებს

მიხეილ ყაველაშვილი

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი იმ ტელევიზიებსა და ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ფეკალიების მჭამელ ბუზებს ადარებს, თანამოაზრეებს კი ფუტკრებს.

ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბერი პაისის შედარება გამოიყენა საკუთარი აზრის გამოსათქმელად.

„[ბერი პაისი​] ბუზს ადარებს იმ ადამიანებს, რომლებიც ყვავილებით, ხეხილით, ასე გამწვანებულ ბაღში, ბუზი რომ შეფრინდება, გადაუფრენს ყველა ხეხილს და ყვავილს და ღობის ძირში აუცილებლად მიაკვლევს ფეკალიას და იმით დაკმაყოფილდება...

მაგრამ ყველაზე საცოდაობა იცით რა არის? რომ იცის, რომ ეს ბუზი, ეს ბოროტებაა, მაგრამ დავალებით ხდება ბუზი. აი, ეს ტელევიზიები, ეს რადიკალური ფრთა - პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესენი არიან ბუზები. ბუზი ტელევიზიები, ბუზი აქტივისტები, რომლებიც ვერც პროგრესს ხედავენ, ვერც სიკეთეს ხედავენ, ვერც განვითარებას ხედავენ“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი სიტყვებით, „ბევრი ფუტკრები ვართ“:

„არის ფუტკარი, რომელიც [ბუზისგან] პირიქით არის. ბინძურ და მიგდებულ ადგილას, ოთახში რომ რამე იყოს ხეხილის მაგვარი, ამ ყველაფერს გადაუფრენს და იმას და ინახავს და იქ მივა. ჩემდა საბედნიეროდ და თქვენდა საბედნიეროდ, ამით ვართ გამარჯვებული, რომ „ფუტკარი“ უფრო მეტია ჩვენს საზოგადოებაში, ვიდრე „ბუზი“ და ამიტომაც ვართ გამარჯვებული“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება მუდმივად აკრიტიკებს და აკნინებს იმ პროტესტს, რომელიც არ წყდება 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ - როცა ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. პროტესტის შესაზღუდად სადავო პარლამენტმა არაერთი კანონი მიიღო, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ტროტუარზე პროტესტზე შეზღუდვების დაწესებას ეხება.

ასევე ნახეთ ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქე სასამართლოში დაიბარეს - მას 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება