ლეონ XIV-ის თქმით, ბაგაში დაბადებული იესოს ამბავი გვაუწყებს, რომ ღმერთმა "თავისი მყიფე კარავი" მსოფლიოს ხალხებს შორის აღმართა.
"მაშ, როგორ შეგვიძლია არ ვიფიქროთ კარვებზე ღაზაში, რომლებიც კვირების განმავლობაში დაუცველია წვიმის, ქარის და სიცივის წინაშე?" - იკითხა პაპმა.
ლეონისთვის, რომელიც აშშ-ში დაბადებული პირველი პაპია, ეს პირველი შობის დღესასწაულია მას მერე, რაც მაისში ის ვატიკანში პაპად აირჩიეს, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ. თავის წინამორბედთან შედარებით ლეონს უფრო მშვიდი და დიპლომატიური ინტონაცია გამოარჩევს - ის, როგორც წესი, ქადაგებებში თავს იკავებს ხოლმე პოლიტიკური ელფერის სიტყვებისგან.
მოგვიანებით, საშობაო დალოცვისას ლეონმა, რომელმაც პაპად არჩევის შემდეგ იმიგრანტებსა და ღატაკებზე ზრუნვა მთავარ საკითხებად აქცია, დარდი გამოთქვა იმ მიგრანტთა და ლტოლვილთა მდგომარეობაზე, რომლებიც "ამერიკის კონტინენტზე გადაადგილდებიან".
ლეონს წარსულში გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკაცრი პოლიტიკა იმიგრანტების წინააღმდეგ, თუმცა ქადაგებაში მას ტრამპი არ უხსენებია. შობის წინა ღამით წარმოთქმულ სიტყვაში პაპმა თქვა, რომ ღარიბებისთვის და უცხოებისთვის დახმარებაზე უარის თქმა ღმერთის უარყოფის ტოლფასია.
ბოლო პერიოდში ახალმა პაპმა რამდენჯერმე დაგმო ღაზაში პალესტინელთათვის შექმნილი მდგომარეობა და გასულ თვეში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისრაელსა და პალესტინელ ხალხს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებული კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთმა გზამ პალესტინის სახელმწიფო უნდა მოიცვას.
ისრაელმა და აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა ჰამასმა ოქტომბერში მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტაზე - ისრაელის მხრიდან ორწლიანი ინტენსიური დაბომბვისა და სამხედრო ოპერაციების შემდეგ, რაც მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას ისრაელზე. ჰუმანიტარული სააგენტოები აცხადებენ, რომ ღაზაში კვლავაც მწირი დახმარება შედის. ისრაელის სამხედრო კამპანიის შემდეგ ღაზის თითქმის მთლიანი მოსახლეობა უსახლკაროდაა დარჩენილი.
25 დეკემბერს წმინდა პეტრეს ტაძარში წარმოთქმულ ქადაგებაში ლეონმა უფრო ფართოდაც ილაპარაკა უსახლკაროთა ბედზე და ნგრევაზე, რომელიც ომს მოაქვს.
"მყიფეა ხორცი დაუცველი, გაწამებული მოსახლეობისა ბევრი, დაუსრულებელი ან მიმდინარე ომით, რომლებიც ტოვებს ნანგრევებსა და ღია ჭრილობებს", - თქვა პაპმა.
"მყიფეა იმ ახალგაზრდათა გონება და სიცოცხლე, რომლებიც იძულებული არიან იარაღი აისხან, რომლებიც ფრონტის ხაზებზე გრძნობენ, რომ აზრს მოკლებულია ის, რასაც მათგან ითხოვენ. გრძნობენ იმ სიყალბეს, რომლითაც სავსეა იმათი პომპეზური გამოსვლები, ვინც მათ სასიკვდილოდ მიავლენს", - თქვა ლეონმა.
ტრადიციულ საშობაო სიტყვაში Urbi et Orbi ("ქალაქსა და მსოფლიოს") პაპი ლეონი გამოვიდა ყველა გლობალური ომის დასრულების მოწოდებით და დაგმო პოლიტიკური, სოციალური, სამხედრო კონფლიქტები, მათ შორის - უკრაინაში, სუდანში, მალიში, ბირმაში, ტაილანდსა და კამბოჯაში.
პაპის თქმით, უკრაინაში - სადაც რუსეთის ძალები ემუქრებიან ქვეყნის აღმოსავლეთის დაცვისთვის მნიშვნელოვან ქალაქებს - ხალხი "გაწამებულია" ძალადობით.
"დაე, შეწყდეს იარაღის ჩხარუნი და დაე, ჩართულმა მხარეებმა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერითა და ჩართულობით, იპოვონ გამბედაობა გულწრფელ, პირდაპირ და პატივისცემის განცდის მქონე დიალოგში ჩასართავად", - თქვა პაპმა.
ასევე ნახეთ პაპი შობის დღესასწაულის წინ ამბობს, რომ ღარიბებისთვის დახმარებაზე უარის თქმა ღმერთის უარყოფაა