ქალი პოლიტიკოსები ევა შაშიაშვილის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ

აქციის მონაწილეებს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი ხვდება.

ქალმა პოლიტიკოსებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რომლითაც მოითხოვენ 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" საქმეზე ბრალდებული ევა შაშიაშვილის გირაოთი გათავისუფლებას.

პოლიტიკოსი ქალები, გენერალურ პროკურორთან გიორგი გვარაკიძესთან და მის მოადგილეებთან შეხვედრასაც მოითხოვენ.

"ჩვენ ქალი პოლიტიკოსები ვდგავართ ერთად და მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ ქალს, ევა შაშიაშვილს, ქვრივს მარტოხელა დედას, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, მას დედის გარდა სხვა მზრუნველი არ გააჩნია. ჩვენ ქალები, დედები და პოლიტიკოსები ვიაზრებთ დედა-შვილის მდგომარეობას და მოვითხოვთ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი", - წაიკითხეს მიმართვის ტექსტი გენერალურ პროკურატურასთან შეკრებილმა ქალებმა.

აქციის მონაწილეები აპირებდნენ, დღის ბოლომდე დალოდებოდნენ შეხვედრას. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება ადგილიდან, აქციის მონაწილეებს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი ამ წუთებში ხვდება.

შეხვედრა გენერალურ პროკურატურაში

ასევე ნახეთ შშმ შვილის ერთადერთი მზრუნველი ციხეში - როდის იყენებს სახელმწიფო წინასწარ პატიმრობას სასჯელად?

24 წლის მარიამი ევა შაშიაშვილის ერთადერთი ქალიშვილია. ის ახლა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს და იქ ყოფნის ვადა დეკემბერში ეწურება. თუ მას გამოწერენ, ერთადერთი მეურვის და მხარდამჭერის - დედის - გარეშე დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებს.

46 წლის ევა შაშიაშვილი, რომელიც უკვე ორი თვეა, წინასწარ პატიმრობაშია, თავადაც ონკოპაციენტია და ციხეში საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს. ადვოკატი მარიამ ხაჭაპურიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ევას მდგომარეობას ართულებს მძიმე სანიტარული პირობები ახალ საკანში, სადაც ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.

4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების ნაწილის მსგავსად, ევას პროკურატურა ედავება სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას [სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მეორე ნაწილი] და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას [225-ე მუხლის მეორე ნაწილი].

ეს მუხლები, თუ სასამართლომ დამნაშავედ ცნო, 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

4 ოქტომბერს თბილისში, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების, ნივთის დაზიანების ან განადგურების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ბრალდებით. პოლიციამ ამ საქმეზე დააკავა 60-ზე მეტი, პროკურატურამ კი ბრალი წაუყენა 64 ადამიანს.

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების "მშვიდობიანი დამხობის" მოწოდებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა მცირე ჯგუფის მცდელობა, "გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები", სასახლის "ჯებირების" გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.