ისრაელმა სომალის სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა

სკოლა სომალილენდში

ისრაელმა სომალის სეპარატისტული რეგიონი სომალილენდი „დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ“ აღიარა, განაცხადა 26 დეკემბერს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს გააკეთა.

სომალის, ეგვიპტის, თურქეთის და ჯიბუტის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს ისრაელის მიერ სომალის სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.

„მინისტრებმა დაადასტურეს, რომ სრულად უარყოფენ და გმობენ ისრაელის მიერ სომალილენდის რეგიონის აღიარებას და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სომალის ერთიანობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მოჰყვა სატელეფონო საუბარს ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის სომალელ, თურქ და ჯიბუტელ კოლეგებს შორის.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი სომალილენდთან დაუყოვნებლივ თანამშრომლობას შეეცდება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში. განცხადებაში მან სომალილენდის პრეზიდენტს, აბდირაჰმან მოჰამედ აბდულაჰის მიულოცა გამარჯვება, შეაქო მისი ლიდერობა და ისრაელში მიიწვია.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დეკლარაცია „შეესაბამება აბრაამის შეთანხმებების სულისკვეთებას, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით იქნა ხელმოწერილი“.