დახურულ სხდომაზე ბაჩო ახალაიას პატიმრობა შეეფარდა

ბაჩო ახალაია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მეია მელქაძემ დახურულ სხდომაზე მიიღო.

ბაჩო ახალაია განხილვას აღარ დასწრებია მას შემდეგ, რაც მოსამართლე პროკურატურას დაეთანხმა და საქმის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

პროკურატურამ დახურვის ერთ-ერთ არგუმენტად, ამ საქმეში მოწმეთა შორის სუსის თანამშრომლების ყოფნა და მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვა დაასახელა.

„საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით... საქმის მასალებიდან ჩანს, რომ სუსის წარმოებაშია საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე... ეს საქმე 21 დეკემბერს გამოსაძიებლად გადაეცა კრიმინალურ პოლიციას, ამ საქმეზე დადგენილია კონკრეტულ პირთა, მათ შორის სუსის თანამშრომლების პერსონალური ინფორმაცია, ისინი გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან. მათი ვინაობის გასაჯაროების შემთხვევაში დაზიანდება პერსონალური ინფორმაცია და საგამოძიებო ინტერესები...“ - განაცხადა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა.

ბაჩო ახალაიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილია. ამ დანაშაულისთვის 9 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

„ბაჩოს პოზიციაა, რომ ბრალი არის უსაფუძვლო და აბსურდული. პირდაპირ რომ გითხრათ, ცინიზმი. მას ბრალი წარედგინა იმისთვის, რომ ბატონ მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან აკავშირებს მეგობრობა... არ ენდობა გამოძიებას და ამ მოტივით მან ჩვენება არ მისცა გამოძიებას“, - თქვა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, გია გოროზიამ.

ბაჩო ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გამომძიებლები ცოლის დაკავებით დაემუქრნენ, თუ „ბურჭულაძის, ზოდელავასა და სხვა მეგობრების წინააღმდეგ“ ჩვენებას არ მისცემდა.

ბაჩო ახალაიას თქმით, სხდომის დახურვის შემთხვევაში, საზოგადოება ვერ ნახავს, რა მტკიცებულებები დევს, საქმეში, რა არგუმენტები აქვს მას თავად და ვერ გაიგებს სუსის იმ თანამშრომლების ვინაობებს, რომლებიც მას „ოჯახით ემუქრებოდნენ“.

„სუსის შენობაში მკაფიოდ მითხრეს, ან ახლა შენს ცოლს დავიჭერთ ან სხვა დაკავებულებს ყველას, მანჯგალაძეს, ბურჭულაძეს, ზოდელავას, ყველას ამხელთ ძალადობაში... როცა მეუბნებიან, რომ თქვენს ცოლს დავიჭერთ, 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ ობლად, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ნიუანსის საქმე უნდა დაიხუროს?

...15 წუთი გაქვს, ის მაინც თქვი, რომ შენ არ მონაწილეობდი და იცოდი რასაც აპირებდნენ... დავიჭერთ შენს ცოლს... ამაზე გასაგები პასუხი გავეცი...“ - თქვა ახალაიამ.

მან თავისი მონათხრობი „ტერორიზმს“ შეადარა, ამ საქმის გამომძიებლები კი „ტერორისტებს“.

„აბა, დაფიქრდი ბატონო, შენი შვილი დარჩება ობლად 10 წლის მანძილზეო... ეს არის ტერორისტი, ვინც ამას აკეთებს, მძევლად აიყვანა ჩემი ცოლ-შვილი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ მაიძულებდა ჩვენების მიცემას, ეს არის ტერორიზმი... საფლავიდან ამოვთხრი... იმის დახურვა უნდათ, იმ სახელებისა და გვარების, ვინც მე ეს შემომითვალა და მე უარი შევუთვალე“, - ამბობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

რას ედავებიან ბაჩო ახალაიას?

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ „ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს“.

  • 26 დეკემბერს, საღამოს ახალაია საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სუსის განცხადების თანახმად, თავდაპირველად დააკავეს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც, შემდეგ კი გამოუშვეს.
  • 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ „საქართველოში [4 ოქტომბრის მოვლენების] მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“.

სუსის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ „საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება“, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, - „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებთან, მათ შორის პაატა ბურჭულაძესთან, - 4 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან მათს დაკავებამდე ჯამში 343-ჯერ შედგა კომუნიკაცია - „სატელეფონო ინტერნეტ-კომუნიკაცია ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით“.

ბაჩო ახალაიას ცოლმა „სრული აბსურდი“ უწოდა სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამის დასტურად თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩო ახალაიას პირადი მობილური ტელეფონი არ აქვს იდენტიფიცირებული.

„ბაჩო რომ დაიბარეს ხმის ჩანაწერის ნიმუშზე [ოქტომბერში], მე დამირეკეს... მე მაშინ ვუთხარი, მე რატომ მირეკავთ, თუ ბაჩოს იბარებთ-მეთქი? ბაჩოს ტელეფონი არ ვიცითო. ბაჩოს ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი. სახლში ვინ ვცხოვრობდით, ისიც არ აქვთ დადგენილი“, - ამბობს ახალაიას მეუღლე.

ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის გამართვიდან რამდენიმე დღეში, 10 ოქტომბერს ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი გამოჰკითხეს. ახალაია - შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ნადარეიშვილი კი - სუსში.

რა თქვეს მხარეებმა სხდომის დასრულების შემდეგ?

ბაჩო ახალაიას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ ამ „საქმეში არანაირი პერსონალური ინფორმაცია გაჟღერებული არ ყოფილა, პოლიციის თანამშრომლების პერსონალური ინფორმაციაც ყველა საქმეში ცნობილია, ამ მოტივით ყველა საქმის დახურვაა შესაძლებელი“. მას მიაჩნია, რომ სასამართლომ საჯაროობის პრინციპი დაარღვია.

ის აცხადებს, რომ საქმეში „არ არის ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები“. მისივე მტკიცებით, ეს საქმე მაგალითია, როგორ შეიძლება „ინტერნეტაქტივობის გამო დაგაკავონ“.

„ფრთხილად უნდა იყოთ, ვინმესთან ისეთი ზარი არ გამოგივიდეთ, რომ ამ ზარის გამო... [დაგაკავონ] ზარიც არ არის, უბრალოდ ინტერნეტაქტივობის გამო, შესაძლოა „ფეისბუკზე“ პოსტი „დააგულო“ და ეს სუსმა ინტერნეტაქტივობად ჩაგითვალოთ და ამის გამო დაგაკავონ", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, საქმეში დევს ინტერნეტაპლიკაციის კომუნიკაცია WIFI-ის მეშვეობით.

„არ აქვთ დადგენილი თუ რა მოწყობილობა იყო დაკავშირებული. დარეკილი რომ არის, ამას ვერავინ ვერ ადასტურებს. შესაძლოა, ინტერნეტ ლაივში იყო შესული და მოუწონა. ზღაპარია. კომუნიკაცია რომ იყო, ამას ვერავინ ვერ ადასტურებს, კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა არ ახსოვს როდის, მათ სისტემატური კომუნიკაცია ჰქონდათ, რადგან ოჯახის ახლობელია. კომუნიკაციას ბაჩო არ უარყოფს“, - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი კი საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ საქმეში მრავალი მტკიცებულებაა, მათ შორის მოწმეების ჩვენებები და ხმის ექსპერტიზის დასკვნებიც. დეტალებზე არ საუბრობს არგუმენტით, რომ „საქმე დახურულია“.

„საქმეზე არსებობს რიგი მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. მტკიცებულებათა შინაარსში ბრალდების მხარე ამ შემთხვევაში ვერ შევა, რადგან საქმე განიხილება დახურულ რეჟიმში. საქმეში არსებობს, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად წარდგენილი ბრალდება მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ბრალდების მხარე წარდგენილ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, სრულყოფილად იცნობს, შესაბამისად, წარედგინა პირს ბრალდება“, - განაცხადა პროკურორმა.

რას ამბობდა ბაჩო ახალაია დაკავებამდე?

ჟურნალისტმა თენგო გოგოტიშვილმა თავის ფეისბუკზე ბაჩო ახალიასთან დაკავებამდე ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ვიდეო 2025 წლის 9 ოქტომბრითაა დათარიღებული, სადაც ახალაია ამბობს, რომ „ქართული ოცნების ბრალდებებს“ არასერიოზულად უყურებდა.

„არ ვუყურებდი სერიოზულად, რომ ივანიშვილი ეუბნება მომხრეებს, გადატრიალებას გვიწყობს ადამიანი, რომელიც 10 წელი ციხეში მეჯდაო“, - თქვა მან.

მისივე თქმით, ეს ხალხი [ზოდელავა და სხვები] „რასაც აკეთებდა იმ საქმეში“ არ მონაწილეობდა „სხვადასხვა მიზეზის გამო“.

„არ ვარ ჩართული ასეთ პროცესებში. ამიტომ, რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ კონსპირაციული შეხვედრები იყო, ბუნებრივია, არა. მე ამ ადამიანებთან მეგობრული და სანაცნობო ურთიერთობა რომ მაქვს, დასამალი არაფერია და ეს არც არავის დაუმალავს“, - აცხადებს ახალაია.

ამ ინტერვიუში ის ამბობს, რომ სახლთან კამერები დაუყენეს და აკონტროლებდნენ კიდეც.

„ღიად, ხელისგულზე ვცხოვრობ. ჩემთან ვერ მოვა ვერავინ, მე ვერ მივალ ვერავისთან ისე, რომ ეს არ იცოდეს ხელისუფლებამ ხუთ წუთში. დიდი სურვილიც რომ გქონდეს კონსპირაციული ქცევის, ეს სრულიად გამორიცხულია. ჩვენთან ე.წ. ჭკვიანი კამერები ხომ დააყენეს, დიდი კამერები დაამატეს, თორემ პატარა კამერებით გაჭედილი იყო. ჩამოსვლის დღიდან მოყოლებული ვინ გამატარებდა სადმე ისე, კონტროლის ქვეშ [ვიყავი]. დრონები დაფრინავდნენ ამიტომ, არაფერი არასდროს არ მქონია დასამალი“, - განაცხადა მან თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუში.