ის „ოთხი ოქტომბრის საქმეზე“ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებითაა დაკავებული.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სავარაუდო ზეწოლაზე იმ დროს ისაუბრა, როცა პროკურორებმა სასამართლო სხდომის განხილვის დახურვა მოითხოვეს. მათი არგუმენტი ამ საქმეში სუსის თანამშრომლების პერსონალური ინფორმაციის დაცვა იყო.
„საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით... საქმის მასალებიდან ჩანს, რომ სუსის წარმოებაშია საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე...ეს საქმე 21 დეკემბერს გამოსაძიებლად გადაეცა კრიმინალურ პოლიციას, ამ საქმეზე დადგენილია კონკრეტულ პირთა, მათ შორის სუსის თანამშრომლების პერსონალური ინფორმაცია, ისინი გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან. მათი ვინაობის გასაჯაროების შემთხვევაში დაზიანდება პერსონალური ინფორმაცია და საგამოძიებო ინტერესები...“ - განაცხადა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა.
ბაჩო ახალაიას თქმით, სხდომა არ უნდა დაიხუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება ვერ ნახავს, რა მტკიცებულებები დევს, საქმეში, რა არგუმენტები აქვს მას თავად და ვერ გაიგებს სუსის იმ თანამშრომლების ვინაობებს, რომლებიც მას „ოჯახით ემუქრებოდნენ“.
„სუსის შენობაში მკაფიოდ მითხრეს, ან ახლა შენს ცოლს დავიჭერთ ან სხვა დაკავებულებს ყველას, მანჯგალაძე, ბურჭულაძე, ზოდელავას ყველას ამხელთ ძალადობაში... ეს, რასაც ვყვები ეხება დახურვას... როცა მეუბნებიან, რომ თქვენს ცოლს დავიჭერთ, 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ ობლად, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ნიუანსის საქმე უნდა დაიხუროს? ან იტყვით, რომ ბურჭულაძე, მურთაზი, სხვები და სხვები ჩადიოდნენ ამას... 15 წუთი გაქვს, ის მაინც თქვი, რომ შენ არ მონაწილეობდი და იცოდი, რასაც აპირებდნენ... დავიჭერთ შენს ცოლს... ამაზე გასაგები პასუხი გავეცი... ქალბატონო მეია [მეია მელქაძე - მოსამართლე - რ.თ], უნდა გესმოდეთ, რას ხურავთ, თქვენ გინდათ დახუროთ ის საქმე, სადაც მემუქრებიან ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით იმისთვის, თუ არ ვიტყვი ჩემს მეგობრებზე, რასაც მეუბნებიან მაგას?“ - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
მან თავისი მონათხრობი „ტერორიზმს“ შეადარა, ამ საქმის გამომძიებლები კი „ტერორისტებს“
„აბა, დაფიქრდი ბატონო, შენი შვილი დარჩება ობლად 10 წლის მანძილზეო... ეს არის ტერორისტი, ვინც ამას აკეთებს, მძევლად აიყვანა ჩემი ცოლ-შვილი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ მაიძულებდა ჩვენების მიცემას, ეს არის ტერორიზმი... საფლავიდან ამოვთხრი... იმის დახურვა უნდათ - იმ სახელებისა და გვარების, ვინც მე ეს შემომითვალა და მე უარი შევუთვალე“, - ამბობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ბაჩანა ახალია ცრუობს, როცა უწყებას „ცოლის დაკავებით“ მუქარაში ადანაშაულებს.
სუს-ში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მათთვის „განსაკუთრებით მიუღებელი და ამორალურია“ ბრალდება „მეგობრების მხილებისათვის მეუღლის დაჭერის მუქარაზე და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე“.
ასევე ნახეთ სუსში „ამორალურს“ და „მიუღებელს“ უწოდებენ ახალაიას ბრალდებას „ცოლის დაპატიმრებით“ მუქარაზე
მოსამართლე მეია მელქაძემ სხდომა დახურვა. ამით ის დაეთანხმა პროკურატურას და დახურვის მოთხოვნას უწოდა „საფუძვლიანი“ და „შესაბამისი“.
სასამართლო განხილვა პროტესტის ნიშნად დატოვა ბაჩო ახალაიამაც.
ბაჩო ახალაიას საქმე
ბაჩო ახალაიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი პირველ ნაწილს ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს.
ხუთივე მათგანი უკვე დაკავებულია 4 ოქტომბრის საქმეზე, სხვადასხვა მუხლით, ნაწილს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდებას, ზოგს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ზოგსაც კი სტრატეგიული ობიექტის ტერიტორიაზე შეჭრილს მცდელობას ედავებიან.
- 26 დეკემბერს, საღამოს ახალაია საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სუსის განცხადების თანახმად, თავდაპირველად დააკავეს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც, შემდეგ კი გამოუშვეს.
- 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ „საქართველოში [4 ოქტომბრის მოვლენების] მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“.
სუსის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ „საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება“, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, - „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებთან, მათ შორის პაატა ბურჭულაძესთან, - 4 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან მათს დაკავებამდე ჯამში 343-ჯერ შედგა კომუნიკაცია - „სატელეფონო ინტერნეტ-კომუნიკაცია ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით“.
ბაჩო ახალაიას ცოლმა „სრული აბსურდი“ უწოდა სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამის დასტურად თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩო ახალაიას პირადი მობილური ტელეფონი არ აქვს იდენტიფიცირებული.
„ბაჩო რომ დაიბარეს ხმის ჩანაწერის ნიმუშზე [ოქტომბერში], მე დამირეკეს... მე მაშინ ვუთხარი, მე რატომ მირეკავთ, თუ ბაჩოს იბარებთ-მეთქი? ბაჩოს ტელეფონი არ ვიცითო. ბაჩოს ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი. სახლში ვინ ვცხოვრობდით, ისიც არ აქვთ დადგენილი“, - ამბობს ახალაიას მეუღლე.
ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის გამართვიდან რამდენიმე დღეში, 10 ოქტომბერს ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი გამოჰკითხეს. ახალაია - შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ნადარეიშვილი კი - სუს-ში.