ამერიკის პრეზიდენტმა ზელენსკისთან შეხვედრას „შესანიშნავი“ უწოდა.
„მრავალი საკითხი განვიხილეთ. ვფიქრობ, საგრძნობლად მივუახლოვდით, შესაძლოა, ძალიან მივუახლოვდით [შეთანხმების მიღწევას]“, - თქვა მან.
ამ შეხვედრის შემდეგ ტრამპი და ზელენსკი ვიდეოკონფერენციის ფორმატით ესაუბრნენ ევროპელ ლიდერებს.
„ისინი არაჩვეულებრივი ლიდერები არიან და ჩვენ მათთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა“, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ საგრძნობ პროგრესს მიაღწიეს უკრაინაში ომის შეწყვეტის საქმეში.
ზელენსკის სიტყვებით, მხარეებმა დიდ წინსვლას მიაღწიეს: სამხედრო ნაწილში ყველაფერი შეთანხმებულია ასი პროცენტით, 20-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმება შეთანხმებულია ოთხმოცდაათი პროცენტით, ეკონომიკის ნაწილშიც თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მყარი მშვიდობის მიღწევის გზაზე საკვანძო ეტაპია“ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება. მანაც დაადასტურა, რომ იანვარში შედგება ტრამპის შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან. მისი თქმით, ევროპული და უკრაინული გუნდები განაგრძობენ მუშაობას ამ საკითხზე და „უახლოეს კვირებში“ შეხვდებიან ერთმანეთს, რათა „დაასრულონ ყველა განხილული საკითხი“.
პრესკონფერენციაზე ტრამპს ჰკითხეს, მალე დასრულდება თუ არა ომი უკრაინაში.
მისი თქმით, ომი შეიძლება „რამდენიმე კვირაში“ დასრულდეს, მაგრამ შეიძლება არც დასრულდეს. „რამდენიმე კვირაში გვეცოდინება, რა იქნება“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ ზელენსკისთან შეხვედრის წინ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა პუტინსპრესკონფერენციაზე ერთი კითხვის გარდა ყველას პასუხს სცემდა აშშ-ის პრეზიდენტი. მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ მხარეებმა მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ. დონბასში „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნის იდეა ჯერჯერობით არ არის დამუშავებული. ტრამპი უშვებს, რომ იქ დემილიტარიზებული ზონის შექმნისთვის საჭირო იქნება რეფერენდუმის ჩატარება, თუმცა იქვე დასძინა, რომ შეიძლება ეს არ გახდეს საჭირო.
ტრამპმა დააზუსტა, რომ გადაუწყვეტელი რჩება დონბასისა და სხვა ტერიტორიების საკითხი. ის გამოვიდა მოწოდებით, რომ მხარეები დღესვე შეთანხმდნენ, ვინაიდან „რუსეთმა შეიძლება ახალი მიწები ჩაიგდოს ხელში“. მან ასევე თქვა, რომ მზადაა ჩავიდეს უკრაინაში და გამოვიდეს ვერხოვნა რადაში.
ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ მან უკვე შვიდი ომი დაასრულა და უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა, მისთვის რომ არ „მოეპარათ 2020 წლის არჩევნები“. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ კარგად იცნობს პუტინს და ესმის, რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისთვის უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები.
ტრამპმა დასძინა, რომ პუტინი მზად არის, გამართოს სამმხრივი შეხვედრა ზელენსკის მონაწილეობით.
ტრამპის თქმით, ომის დასრულების შემდეგ რუსეთი დახმარებას გასწევს უკრაინის აღდგენაში. „პუტინი ძალიან ხელგაშლილია და მზად არის იაფი ენერგომატარებლები მიაწოდოს უკრაინას“, - თქვა მან.
პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი შეკითხვა შეეხო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ტრამპმა თქვა, რომ ის ზელენსკისთან შეხვედრამდე ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მათ დაწვრილებით განიხილეს ეს საკითხი.
„პრეზიდენტი პუტინი მართლაც თანამშრომლობს უკრაინასთან იმაზე, რომ [აეს-ი] გაიხსნას. ამ თვალსაზრისით ის ძალიან კარგად იქცევა. მას სურს, რომ ის გახსნილი იხილოს“, - თქვა ტრამპმა.
ასევე ნახეთ ტრამპის თქმით, უკრაინაში ომის თაობაზე მოლაპარაკებები "დასკვნით სტადიაზეა" ასევე ნახეთ ევროპელი ლიდერები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობას პარიზში გააგრძელებენ