აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 დეკემბერს, ფლორიდაში მოლაპარაკების შემდეგ ვიდეოკონფერენცია გამართეს ევროპელ ლიდერებთან.
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საუბრისას, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები ომის დასასრულებლად. სტუბის თანახმად, ერთად მუშაობენ სამართლიან და მყარ მშვიდობაზე.
სტუბის პოსტის მიხედვით, ვიდეოკონფერენციაში ფინეთის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ საფრანგეთის და პოლონეთის პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის და იტალიის პრემიერ-მინისტრები, გერმანიის კანცლერი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანი.
ვიდეოკონფერენციის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა X-ში დაწერა, რომ წინ მიიწევენ უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების გარანტიების, რომლებსაც ცენტრალური ადგილი ექნებათ სამართლიანი და მყარი მშვიდობის მშენებლობაში.
მაკრონის ინფორმაციით, იანვრის დასაწყისში პარიზში შეიკრიბება „მსურველთა კოალიცია“, რათა საბოლოოდ განსაზღვრონ კოალიციის თითოეული წევრი ქვეყნის წვლილი.
„მსურველთა კოალიცია“, სადაც წამყვან როლს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ასრულებენ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული კონტინგენტის განთავსების შესაძლებლობა. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს მისთვის მიუღებელია.
ვიდეოკონფერენციის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა X-ში დაწერა, რომ მიესალმნენ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების მიერ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას და ევროპა მზად არის განაგრძოს უკრაინასა და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ამ პროგრესის გამტკიცებისთვის. ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ძალისხმევაში უპირველესი მნიშვნელობა აქვს პირველივე დღიდან უსაფრთხოების რკინის გარანტიების მიღებას.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, რომ საგრძნობ პროგრესს და დიდ წინსვლას მიაღწიეს და სამშვიდობო გეგმა 90%-ით შეთანხმებულია.
შეუთანხმებელი რჩება ყველაზე რთული და საკვანძო საკითხი - დონბასის მომავალი. რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ დონბასზე უარი თქვას. უკრაინა ამას არ აპირებს. აშშ-ის წინადადებაა დონბასში „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაში განაცხადა, რომ დონბასის შესახებ უკრაინის პოზიცია ცნობილია და ის რუსეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დონბასის საკითხს ძალიან რთული უწოდა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მას გადაწყვეტენ.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ფლორიდაში შეხვედრის წინ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
ამ საუბრის შემდეგ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დასთანხმდა ამერიკული მხარის წინადადებას, უკრაინის საკითხზე მუშაობა გაგრძელდეს ორი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ერთი ჯგუფი უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებს, მერე კი - ეკონომიკის სფეროზე. უშაკოვის თანახმად, ამ ჯგუფების ფუნქციონირების დაწყების კრიტერიუმები დამატებით განიხილება იანვრის დასაწყისში.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინის თანაშემწემ ისიც განაცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა შესაძლებელი იქნება, თუ კიევი დონბასის შესახებ თამამ გადაწყვეტილებას მიიღებს და უმჯობესი იქნება, თუ ფრონტზე არსებული ვითარების გათვალისწინებით ამ საკითხს სწრაფად გადაწყვეტს.
უშაკოვის თქმით, პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ ისევ ისაუბრებენ ზელენსკისთან ტრამპის კონტაქტის შემდეგ.
ფორუმი