თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" საქმეზე ბრალდებული ევა შაშვიაშვილი.
ევა შაშვიაშვილი სხდომას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ესწრებოდა.
გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
მანამდე, გირაოს გამოყენების მოთხოვნით პროკურატურას არაერთხელ მიმართეს, მათ შორის აქცია გამართეს პოლიტიკოსმა და აქტივისტმა ქალებმა.
ასევე ნახეთ ქალი პოლიტიკოსები ევა შაშიაშვილის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ46 წლის ევა შაშვიაშვილს წინასწარი პატიმრობა დაახლოებით 2 თვის წინ შეეფარდა, ის ონკოპაციენტია და ციხეში საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდა. ადვოკატმა მარიამ ხაჭაპურიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ევას მდგომარეობას ართულებს მძიმე სანიტარული პირობები ახალ საკანში, სადაც ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.
ევა შაშვიაშვილი თავისი 24 წლის ქალიშვილის, მარიამის ერთადერთი მეურვეა, მარიამი ახლა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს და იქ ყოფნის ვადა დეკემბერში ეწურებოდა.
შაშვიაშვილის ახლობლებმა გუშინ, 30 დეკემბერს, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამედიცინო დაწესებულებამ მარიამს კლინიკაში დაყოვნების ვადა გაუხანგრძლივა. ის დედის გარეშე დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებდა.
4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების ნაწილის მსგავსად, ევას პროკურატურა ედავება სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას [სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მეორე ნაწილი] და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას [225-ე მუხლის მეორე ნაწილი].
ეს მუხლები, თუ სასამართლომ დამნაშავედ ცნო, 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ევა შაშვიაშვილი აღიარებს, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან ქვა ისროლა, რაც წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებშიც ჩანს.
პროკურორმა როინ ხინთიბიძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულის და მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შაშვიაშვილმა აღიარა ბრალი და მტკიცებულებები უდავოდ ცნო, ბრალდების მხარე თანახმაა, ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.
ევა შაშვიაშვილი რუსთავის მე-12 ქალთა დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
4 ოქტომბერს თბილისში, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების, ნივთის დაზიანების ან განადგურების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ბრალდებით. პოლიციამ ამ საქმეზე დააკავა 60-ზე მეტი, პროკურატურამ კი ბრალი წაუყენა 64 ადამიანს.
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების "მშვიდობიანი დამხობის" მოწოდებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა მცირე ჯგუფის მცდელობა, "გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები", სასახლის "ჯებირების" გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.