ამერიკული გამოცემების ცნობით, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ და CIA-მ დაასკვნეს, რომ უკრაინას გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა არ უცდია, - როგორც ამას მოსკოვი აცხადებს, - და შესაბამისი მტკიცებულება ვერ იპოვეს.
გამოცემები, Wall Street Journal-ი, CNN-ი და სხვები წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ უკრაინას ვალდაის რეზიდენცია არ ამოუღია მიზანში.
NBC News-ი ციტირებს „საკითხში გარკვეულ“ წყაროს, რომლის თანახმადაც უკრაინას მიზანში ამოღებული ჰქონდა არა რეზიდენცია, არამედ იმავე რეგიონში არსებული სამხედრო სამიზნე.
- პუტინის რეზიდენციაზე დრონების იერიშის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, დეზინფორმაციაა, - იუწყებოდა რადიო თავისუფლება მიმდინარე კვირაში.
- არც კრემლს არ წარმოუდგენია დოკუმენტური მტკიცებულება და არც ადგილობრივ ხელისუფლებას ან მოსახლეობას გაუვრცელებია რამე სახის ფოტო ან ვიდეომასალა, რომელიც დრონების დარტყმას დაადასტურებდა.
- ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმადაც, კრემლმა „არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება“, რომ უკრაინამ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა განახორციელა.
- ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეიკი უწოდა პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს.